ციფრული ტრანსფორმაციის პლატფორმა Techzy, Coca-Cola-სთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში შედის. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ ძნელაძემ ისაუბრა.
სტარტაპმა ცოტა ხნის წინ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის“ ლოიალობის აპლიკაცია შექმნა, რომელმაც უკვე მოიზიდა 350 000 მომხმარებელი და ყოველდღიურად ასობით ვაუჩერის გადაცვლას უზრუნველყოფს. Techzy-ს ინფორმაციით, აპლიკაცია დაემატა Coca-Cola-ს გლობალურ მარკეტინგულ სამიზნეებს 2026 წლისთვის, რაც პარტნიორობის გაფართოებისა და პროექტის გრძელვადიანი ინტეგრაციის დასტურია.
ნიკოლოზ ძნელაძის თქმით, თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და კომპანიები მზად არიან აპლიკაციაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციების დანერგვისთვის, რაც ლოიალობის მექანიზმებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
"კოკა-კოლასთან ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადავდივართ, რომლის მიხედვითაც აპლიკაციაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციონალებს დავამატებთ“, - აცხადებს ნიკოლოზ ძნელაძე.
კომპანიამ დაიწყო ერთიანი ლოიალობის აპლიკაციის შექმნა Silk Hospitality-ისთვის, რომელიც ჯგუფის ყველა სასტუმროსა და სერვისს ერთ ეკოსისტემაში გააერთიანებს. პროექტი მოიცავს არსებული აპლიკაციის სრულ გადახალისებას -როგორც დიზაინის, ისე ტექნიკური ნაწილის, რომელიც გათვლილია მომხმარებლის ჩართულობის გაზრდის მიზნით.
Techzy, ასევე თანამშრომლობს City Mall-თან, რომლისთვისაც ამზადებს ახალ ვებ-საიტს, რომელიც ერთ ინტეგრირებულ პლატფორმაზე გააერთიანებს როგორც საბურთალოს, ისე გლდანის მოლს. ახალი გვერდი მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია სავაჭრო ცენტრებისა და მათი შეთავაზებების შესახებ. კომპანიის შეფასებით, City Mall-თან პარტნიორობა მომდევნო ეტაპებშიც გაგრძელდება, რადგან მოლს გაციფრულების მიმართულებით ნათელი ხედვა აქვს და მზად არის ფართო ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის.
ძნელაძე ასევე დასძენს, რომ კომპანიას ამ ეტაპზე მუშაობა აქვს დაწყებული გიგანტური საერთაშორისო პროექტზე, რომლის დეტალებსაც ჯერჯერობით არ ასაჯაროებს : „გვაქვს უზარმაზარი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რომელზედაც ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით,“ - აცხადებენ კომპანიაში, რაც კიდევ უფრო ზრდის მოლოდინებს Techzy-ს მომავალი გაფართოების მიმართ.




























