მსოფლიოს უდიდესი ჰეჯ-ფონდის, Bridgewater Associates-ის დამფუძნებელი, მილიარდერი რეი დალიო სინგაპურში იმყოფებოდა, სადაც ტეილორ სვიფტის ტურნეს დაესწრო და კონცერტს Instagram-ზე გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ სურს, მუსიკოსი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იხილოს.
“ტეილორ სვიფტი - პრეზიდენტად! ის სინგაპურში, მის კონცერტზე ვნახე და გავაცნობიერე, რომ მას ამერიკელებისა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხების გაერთიანება ნებისმიერ სხვა კანდიდატზე უკეთესად შეუძლია, ხოლო ადამიანების გაერთიანება - უმთავრესი რამაა. ამ კონცერტს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ადამიანებთან ერთად დავესწარი, რამაც ჩვენ შორის არსებული კავშირი მაგრძნობინა და შემახსენა, თუ რაოდენ ძლიერია კულტურა, რომელიც გვაერთიანებს. განა საოცარი არ იქნებოდა, ამ კულტურის სათავეში ორი ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი რომ გვყოლოდა, რომლებიც თან ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ?”, - დაწერა რეი დალიომ Instagram-ზე.
გამომდინარე იქიდან, რომ რეი დალიო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია ამერიკულ ფინანსურ სისტემაში, ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანები დაეჭვდნენ, ხომ არ იმყოფებოდა ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, როცა ეს სტატუსი დაწერა. როგორც მილიარდერმა მოგვიანებით X-ზე განმარტა, მისი განცხადება ხუმრობა იყო, რომელშიც სიმართლე ერია.
“არა, მთვრალი არ ვიყავი და კი, ეს ხუმრობა იყო, რომელიც ნახევრად სიმართლეა. სიმართლე ისაა, რომ ვფიქრობ, მას ადამიანების გაერთიანება გაცილებით უკეთესად შეუძლია, ვიდრე რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს, ხოლო ადამიანების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს”, - დაწერა რეი დალიომ X-ზე.
ტეილორ სვიფტი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია მსოფლიოში, განსაკუთრებით GenZ თაობაში. ტეილორ სვიფტის უკანასკნელი ტურნე, რომლის ფარგლებში მუსიკოსმა ხუთ კონტინენტზე 152 კონცერტი ჩაატარა, ყველაზე მოგებიანი მუსიკალური ტურნე გახდა ისტორიაში, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას $5.7-მილიარდიანი ბუსტი მოუტანა, ხოლო თავად ტეილორ სვიფტი - მილიარდერად აქცია.