ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელთან ომი მანამ გაგრძელდება, სანამ თეირანი მიყენებული ზარალის სრულ კომპენსაციას არ მიიღებს. მიუხედავად დონალდ ტრამპის განცხადებისა სარაკეტო დარტყმების ხუთდღიანი შეჩერების შესახებ, ოფიციალური თეირანი ამ ნაბიჯს „ფეიკ ნიუსად“ და იძულებით მანევრად აფასებს.
რეზაის განმარტებით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინაპირობა ყველა ეკონომიკური სანქციის გაუქმება და საერთაშორისო გარანტიების მიღებაა, რაც მომავალში ირანის შიდა საქმეებში ნებისმიერ ჩარევას გამორიცხავს.
ირანის ეროვნული უშიშროების კომისიის სპიკერი, იბრაჰიმ რეზაი ტრამპის მტკიცებულებებს მოლაპარაკებების შესახებ „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ პირობებში დიალოგის ყოველგვარი ლოგიკა დარღვეულია. თეირანის პოზიციით, ვაშინგტონი მხოლოდ „ძალისა და რაკეტების ენაზე საუბრობს", ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კონფლიქტის გაგრძელების მიზნით აშშ-ზე ზეწოლას ახორციელებს. ირანული მხარის მტკიცებით, ომის მე-15 დღეს აშშ-მა ნათლად გააცნობიერა, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვების გზა არ არსებობს და სწორედ ამით აიხსნება ტრამპის სამშვიდობო განცხადება.
თეირანში აცხადებენ, რომ ირანის პრეზიდენტ პეზეშკიანის მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება და მოიცავს ფინანსური და პოლიტიკური დათმობების სანაცვლოდ ვითარების სრულ დეესკალაციას. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებული ეს დაპირისპირება კიდევ უფრო ართულებს რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის ალბათობას.




























