გაეროში ირანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ალი მუსავიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩება ყველა ტიპის ნავიგაციისთვის, გარდა იმ გემებისა, რომლებიც „ირანის მტრებთან“ არიან დაკავშირებულნი. ჩინურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში დიპლომატმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების ხომალდებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან თეირანის მოწინააღმდეგეთა ბანაკს, სრუტის გავლის უფლება ექნებათ, თუკი ისინი უსაფრთხოების ზომებს ირანულ მხარესთან წინასწარ შეათანხმებენ.
მუსავი, რომელიც პარალელურად ირანის ელჩია გაერთიანებულ სამეფოში, არსებულ კრიზისში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს და მათ ქმედებებს „რეგიონული დაძაბულობის საფუძველს“ უწოდებს. მისი თქმით, თეირანი მზად არის, ნავიგაციის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს, თუმცა დიპლომატი პრიორიტეტად „აგრესიის სრულ შეწყვეტასა“ და ორმხრივი ნდობის აღდგენას მიიჩნევს.
შეგახსენებთ, სრუტეში სამხედრო საფრთხის გამო ნავიგაცია მკვეთრად არის შემცირებული. იმის ფონზე, რომ ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით 20% მოდის, მცირედი შეფერხებაც კი გლობალურ ბაზრებზე მძიმე გავლენას ახდენს.



























