მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამორიცხავს და ომის დასრულების საკუთარ პირობებს აყენებს

არაღჩი

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავს. Reuters-ის ინფორმაციით, ირანული მხარე შუამავლების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლას ადასტურებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს დიალოგს არ ნიშნავს.

პარალელურად, ირანის სახელმწიფო მედია Fars News-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეირანი აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას უარყოფს და პროცესის დაწყებას მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის შემდეგ დაუშვებს.

როგორც ირკვევა, ირანმა ომის დასრულების სანაცვლოდ ვაშინგტონს საკუთარი 5-პუნქტიანი ულტიმატუმი წარუდგინა. Press TV-ის ცნობით, თეირანის მთავარი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტეზე სრული სუვერენიტეტის აღიარება და საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაა. აღნიშნული პირობები მოიცავს მტრის მხრიდან „აგრესიისა და მკვლელობების“ სრულ შეწყვეტას, ომის განახლების საწინააღმდეგო მექანიზმების შექმნას და კონფლიქტის დასრულებას ყველა რეგიონულ ფრონტზე, მათ შორის, ლიბანშიც, სადაც ჰეზბოლა ისრაელთან აქტიურ საომარ მოქმედებაშია ჩართული.

ექსპერტთა შეფასებით, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის მოთხოვნა ვაშინგტონისთვის მიუღებელი იქნება, რადგან ის მსოფლიოში ნავთობის გადაზიდვის უმნიშვნელოვანეს მარშრუტად მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოლაპარაკებების პროცესში პროგრესზე საუბრობს, ირანული მხარე აცხადებს, რომ შეთანხმების დამრღვევებთან დიალოგი ალოგიკურია.

შეგახსენებთ, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშებით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები