აშშ-ში, ტეხასის შტატში, წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, მათგან 28 ბავშვია - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს. დაკარგულად ითვლება 41 ადამიანი. გრძელდება საზაფხულო ბანაკიდან დაკარგული გოგონების სამძებრო სამუშაოებიც. წყალდიდობის გაუარესების პროგნოზის ფონზე კი განხორციელდა მოხალისეთა ევაკუაცია.
სტიქიის შედეგი ყველაზე მწვავედ Camp Mystic-ის საზაფხულო ბანაკში დადგა, რომლის 10 მონაწილე და ადმინისტრაციის 1 წარმომადგენელი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.
წყალდიდობა ცენტრალურ ტეხასში პარასკევს, ხანგრძლივი წვიმის შედეგად მდინარე გვადალუპეს ადიდებას მოჰყვა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიით დაზიანებული შენობებიდან 850 ადამიანი გამოიყვანეს. კვლავ არსებობს მდინარეში წყალმოვარდნისა და მისი ადიდების პროგნოზიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო ტეხასში პირველადი რეაგირების ჯგუფებისთვის რესურსებს ანაწილებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ვითარება გამოაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან აშშ-ის სანაპირო დაცვის ვერტმფრენებიც.
პრეზიდენტმა ტრამპმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ვიზიტს სამუშაო კვირის ბოლოსთვის ჩანიშნავს.




























