მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თელავიდან ფრენების განხორციელებაში ჩვენი ჩართვა ახალ ტენდერზეა დამოკიდებული” - "აკ-ეარ ჯორჯია"

629782f4ba29f
ანუკა ჯოხაძე
01.06.22 21:40
1098
თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 30 წლის შემდეგ ზაფხულის ბოლოს თვითმფრინავით შიდა რეისებს პირველად განაახლებს. შიდა ფრენები ბათუმის და მესტიის აეროპორტებიდან 16-ადგილიანი თვითმფრინავით განხორციელდება.

როგორც bm.ge-სთან “მიმინოს” მფლობელი "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის", ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით ტეფნაძე აცხადებს, აეროპორტი, სადაც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. მისი თქმით, აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

უნივერსიტეტში რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ აეროდრომიდან შიდა ფრენების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ფრენების სუბსიდირების შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული.

სქემაში ჩართვას განიხილავს "აკ-ეარ ჯორჯია", რომელიც სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყანაში შიდა ფრენებს ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ინტერესი არსებობს, თუმცა მორიგ ტენდერს ელოდებიან, რაზეც არის დამოკიდებული სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაგრძელება.

“ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შიდა რეისებს ვასრულებთ 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გვიმთავრდება. სავარაუდოდ ოქტომბრიდან ახალი ტენდერით გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს ამ მიმართულებით ფრენას. ჩვენ გვაქვს სურვილი მივიღოთ ამ ტენდერში მონაწილეობა. იყო შეხვედრები ქართულ ავიაკომპანიებთან ეკონომიკის სამინისტროში, სადაც საუბარი იყო მათ შორის მიმინოს აეროდრომზე. იქ განვიხილეთ ეს საკითხი, რამდენად იყო შესაძლებელი თელავიდან მესტიამდე ან თელავიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები. ინტენსიურად არის ამაზე საუბარი. ვფიქრობ, ალბათ შემოდგომიდან იქნება, რადგან მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ბათუმი-მესტიის მიმართულებით ფრენაზე.”

ცნობისთვის, "აკ-ეარ ჯორჯიამ" სახელმწიფოსთან ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა, რომლის ღირებულებაც 64 მილიონ ლარს აჭარბებს. ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში სრულდება. კომპანიაში ახალ ტენდერში მონაწილეობაზე ინტერესს გამოთქვამენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ის სატენდერო პირობები, რითაც სახელმწიფო მომდევნო წლების განმავლობაში შიდა ფრენების განხორციელების უფლებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადასცემს. დეტალებზე ამ ეტაპზე არც აეროპორტების გაერთიანებაში საუბრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები