თელავის აეროდრომის რეკონსტრუქციისთვის პროექტირება იწყება. ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და საჰაერო ხომალდების სადგომის პროექტირებისთვის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 1.2 მლნ ლარია.
ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ასაფრენ/დასაფრენი ზოლი და სხვა ინფრასტრუქტურა პერსპექტივის გათვალისწინებით ICAO-ს კოდური აღნიშვნით C კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის დაპროექტება. დოკუმენტაციის მიხედვით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე განისაზღვროს თელავის აეროდრომის პირობებში კრიტიკული საჰაერო ხომალდის CRJ 200 შერჩევით.
ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა კი, 2 ნოემბერს იწურება.
როგორც სექტემბერში გახდა ცნობილი, თელავის აეროპორტის ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. შეთანხმების მიხედვით, ტერიტორია, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ მზადებას გადიან, საავიაციო უნივერისტეტის ბალანსზე რჩება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი კი, რომელიც უნდა გაფართოვდეს - სახელმწიფოს დაუბრუნდა.
მთავრობა აანონსებს, რომ თელავის აეროპორტის განვითარებაში 25-30 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს. რომლის ფარგლებში
ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1 700 მეტრამდე დაგრძელდება და აეროპორტი შიდა რეისებს მოემსახურება. მთავრობის გეგმით, აეროპორტი პირველ მგზავრს მომავალი წლის მაის-ივნისში მიიღებს.