თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის. ამის შესახებ „ანაპეა ვილიჯის” გაყიდვების ხელმძღვანელმა კესო კობიძემ BMG-ის განუცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ აეროპორტის გახსნა წარმატების გარანტიას არ იძლევა და ამ პროცესს რამდენიმე საკვანძო ფაქტორი სჭირდება, მათ შორის, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და ეფექტიანი საერთაშორისო მარკეტინგი.
"ჩვენი აზრით, თელავში აეროპორტის გახსნა კახეთის ტურისტული სექტორისთვის უდიდესი მნიშვნელობის შესაძლებლობაა. ამას მხოლოდ „ანაპეას სოფლის“ წარმომადგენლის პოზიციიდან არ ვუყურებთ, ეს შეიძლება მთელი რეგიონის როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული განვითარების ახალი ეტაპი გახდეს.
კახეთი საქართველოს ტურიზმის გულია, ჩვენ გვაქვს ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, გასტრონომია, კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება და ავთენტური გამოცდილება, რაც საერთაშორისო ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული და მიმზიდველი დანიშნულების ადგილია.
დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ხელმისაწვდომობაა. თელავის აეროპორტი კახეთს უფრო მარტივად მისაწვდომს გახდის და დაეხმარება რეგიონს, იქცეს არა მხოლოდ თბილისიდან ერთდღიანი ექსკურსიის მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ ტურისტულ დანიშნულებად, სადაც სტუმარი რამდენიმე დღეს, ერთ კვირას ან თუნდაც მეტს გაატარებს. მთავარი სარგებელი მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდა არ იქნება – ეს შეცვლის მათი მოგზაურობის ხარისხსა და ფორმატს და შექმნის ბევრად მეტ შესაძლებლობას ღვინის ტურიზმისთვის, სოფლის ტურიზმისთვის, პრემიუმ კლასის განთავსებისა და გასტრონომიული გამოცდილებისთვის. რა თქმა უნდა, აეროპორტის გახსნა თავისთავად წარმატების გარანტია არ არის. ამისთვის საჭიროა:
-
სწორი საჰაერო მარშრუტები,
-
ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი,
-
საერთაშორისო მარკეტინგი.
საბოლოო ჯამში, ამ შესაძლებლობიდან სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ სასტუმრო და რესტორანი, არამედ თითოეული მეღვინე, ადგილობრივი მწარმოებელი, გიდი და მთლიანი რეგიონი. თუ ამ შანსს სწორად გამოვიყენებთ, თელავის აეროპორტს შეუძლია კახეთი საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ და დამოუკიდებელ მიმართულებად აქციოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ მეტი ტურისტის ჩამოყვანა, არამედ ისეთი გამოცდილების შექმნა, რის გამოც ისინი კახეთში უფრო დიდხანს დარჩებიან და აუცილებლად დაბრუნდებიან. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ყველაფერში საჰაერო გზებიც დიდად დაგვეხმარება", - აცხადებს "ანაპეა ვილიჯის” გაყიდვების ხელმძღვანელი.
მიმდინარე კვირაში თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ახლა კი ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. 27 აგვისტოს გამოცხადებულ თელავის აეროპორტს, ტენდერში შპს "ბილდკინგსმა" გაიმარჯვა. კომპანიის მიერ წარდგენილი ფასი 11.65 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით 1.62 მილიონი ლარით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.
























