მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თელავის აეროპორტი საერთაშორისო აღარ იქნება - მთავრობამ გეგმა შეცვალა

აეროპორტები

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი საერთაშორისო სტატუსი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამის მიზეზი დავითაშვილის თქმით, ვაზიანში დაგეგმილი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაა, რის გამოც თელავის აეროპორტი შედარებით ნაკლები ხარჯებით უნდა აშენდეს.

"ვაზიანის აეროპორტი შეუფერხებლად განვითარდება, ეს გეგმა არსებობს. ჩვენ იცით, რომ ბევრი ვიმსჯელეთ ამ პროექტზე და ბევრი შედარებითი ანალიზი გაკეთდა არსებული აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. ვაზიანის განვითარება ცალსახად ახალი იმპულსია ავიაციის, ტურიზმის და ურბანული განვითარების კუთხით. ვაზიანი უალტერნატივო პროექტია, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდება.

რაც შეეხება თელავის ოპტიმიზაციას, ეს ბუნებრივიც არის. იცით, რომ ძალიან სწრაფად ხდება საქართველოს შიდა გზების და შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ბევრი ადგილი მარტივად არის დაკავშირებული, ამიტომ თელავის აეროპორტს მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად. საერთაშორისო რეისები თუ იქნება ვაზიანში, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური იქნება თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და მხოლოდ შიდა რეისებისთვის იყოს და ვაზიანი მოემსახურება ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს და ასე შემდეგ", - ამბობს დავითაშვილი.

BMG-ის კითხვაზე დაიწყება თუ არა წელს თელავის აეროპორტის მშენებლობა, დავითაშვილი პასუხობს, რომ პროექტის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს.

"ვფიქრობთ, თელავის აეროპორტი საკმაოდ ძვირი პროექტი იყო, ხდება ამ პროექტის ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ ის ჩაერთოს შიდა საავიაციო ქსელში. [საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა] ბუნებრივია დღეს არ არის მიზანშეწონილი", - ამბობს დავითაშვილი.

მთავრობა თბილისში მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენებას აპირებს. გეგმით, ახალმა აეროპორტმა წელიწადში 19 მლნ მგზავრი უნდა მიიღოს.

საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი აქვს, აქედან ორს, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს, “ტავ ურბან საქართველო” მართავს. სახელმწიფოსთან 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტით ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს. იმავე ხელშეკრულებით არ შეიძლება, რომ თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს.

რაც შეეხება თელავის აეროპორტს, მთავრობა გეგმავდა მომავალში ის საერთაშორისო აეროპორტად გარდაექმნა.

"გეგმაში გვაქვს, რომ თელავის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები წელსვე დავიწყოთ, რომ რაც შეძლება მალე მიიღოს თელავის აეროპორტმა პირველი მგზავრი. არსებული ხელშეკრულება, რომელიც მართვის მოდელით არის გადაცემული საერთაშორისო ორგანიზაცია TAV-ზე, ზღუდავს მთავრობას, რომ გახსნას და აოპერიროს თელავის აეროპორტი მანამ, სანამ არსებული ხელშეკრულება არის ძალაში. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა გასდის 2027 წლის დასაწყისში და აღნიშნული ტერმინალის დაგეგმარებაც და პროექტირებაც ისეთი ფორმით კეთდება, რომ ქვეყანამ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შესაბამისი ცვლილებების შეტანით, შემდგომში გარდაქმნას შიდა აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტად,“- აცხადებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი 2024 წელს.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები