მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის აეროპორტი, წლიურად, 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება - მთავრობა

ფფ
29.11.23 20:40
850

თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალი, წელიწადში, 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. პირველადი შეფასებით კი მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.

"გეგმაზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.

ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია არქიტექტორად მუშაობის 10 - წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.

მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას.

მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს; შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

წინადადებების მიღება 23 დეკემბერს დაიწყება და 28 დეკემბერს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები