აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის კონკურსზე შერჩევის პროცესი დასრულებულია და მალე მშენებლობა დაიწყება.
"უახლოეს მომავალში ჩვენ თელავის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას და ამ ულამაზესი პროექტის ხორცშესხმას დავიწყებთ, რომელიც მჯერა, რომ კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთმანეთს საჰაერო გზით დაუკავშირებს და რეგიონისთვის არამხოლოდ აეროპორტი, არამედ შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილი გახდება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ თელავის აეროპორტის პროექტირების კონკურსში გამარჯვებულად შპს "ხმალაძე არქიტექტორები“გამოცხადდა, რომელიც საკონკურსო კომისიამ 10 ბალიანი სისტემით შეაფასა.
კომპანია "ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს.
"ჩვენი შემოთავაზებით, კონცეპტუალურად დამკვეთს ვიზუალურად გახსნილი შენობა შევთავაზეთ, ადგილიდან გამომდინარე, გარშემო ხედვის არეალები გახსნილია და სივრცე - ალაზნის ველის ხედი, მთლიანობაში კახეთში ჩამსვლელი თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენი გადაწყვეტით, ინტერიერში შემოგვაქვს ფაქტობრივად, მთლიანი გარემო, რაც კახეთში არის. თავად კონსტრუქცია რკინა-ბეტონის არის, თუმცა ეს მძიმე მასალა გეომეტრიულად ისე გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჰაეროვანი ფორმა ნარჩუნდება. ფერების კუთხითაც ვეცადეთ, უფრო დამჯდარი და ბუნებრივი ტექსტურა გამოგვეყენებინა", - განაცხადა პროექტის ავტორმა გიორგი ხმალაძემ.
თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის ღირებულებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღგ-ის გარეშე 296 000 ლარს გადაიხდის.