მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება - ანგარიში

თელავის აეროპორტი

თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს და 2025 წელს დასრულდეს. ამას პრემიერის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა და რომლითაც ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში 28 ივნისს წარდგება.

„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს მუშაობა თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.

ამ ეტაპზე გაფორმებულია, როგორც ტერმინალის, ისე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროექტირების ხელშეკრულებები, დასრულებულია ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში იგეგმება შესაბამისი ტენდერის გამოცხადება. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2024 წელს და საორიენტაციოდ დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში“, - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალს, ანგარიშშია წერია: "2023 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ. 2024 წელს, მესტიის ტერმინალის პროექტირების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. მშენებლობის დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის მანძილზე, ხოლო დასრულება 2025 წელს".

ამასთან, გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის, ასევე ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციების დანერგვა საქართველოს საავიაციო სფეროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები