მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის მერია: სტიქიის გამო დაზარალებული ფერმერული მეურნეობების აღწერა-დათვლა მიმდინარეობს

თურდო

უხვი ნალექისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მდინარეების – ალაზნისა და თურდოს ადიდების შედეგად, თურდოს ხეობაში წყლის სათავე ნაგებობა და წიწმატიანის სატუმბო სადგური დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიამ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქ თელავის მოსახლეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში, წყალს გრაფიკით 08.00 საათიდან – 12.00 საათამდე მიიღებს.

BM.GE დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა არის ამჟამად რეგიონში და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამჟამად დაშავებულების, დატბორვის ან რაიმე მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ, ინფორმაცია არ შესულა.

BM.GE თელავის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ზარალის აღწერა მიმდინარეობს.

"რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში. ადიდებულია მდინარეები, ალაზანი და თურდო. ადიდებულმა ხევებმა სოფელ ფშაველში, ლალისყურში, ქვემო ხოდაშენში, ყარაჯალასა და წინანდალში ფერმერებს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ზარალის დათვლა-აღწერა",- ამბობენ თელავის მერიაში.

ადგილობრივმა ფერმერებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ გუშინ რეგიონში ძლიერი წვიმა მოვიდა, თუმცა კონკრეტულად მათი მეურნეობები არ დაზარალებულა.

"ძალიან ძლიერი წვიმა იყო და ვისაც ნათესები ჰქონდა სავარაუდოდ, მხოლოდ ისინი დაზარალდებოდნენ, ხოლო ჩვენი ვენახები არ დაზარალებულა", - აცხადებენ ადგილობრივები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები