მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელავში ამზადებენ ლორს და იყიდება რაჭული ლორის სახელით"

5e21d0fb3c34d
ანი ციხისთავი
18.01.20 10:35
6695
კომპანია "რაჭული ლორის" დამფუძნებელმა გიორგი ჯინჭარაძემ Bm.ge-სთან ქართულ ბაზარზე არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, "რაჭულ ლორს" რეალურად, ბევრი კონკურენტი არ ჰყავს.

"ჩვენ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ, რომ ქალაქში ადამიანებს ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტზე ჰქონდეთ წვდომა, თუმცა არსებობენ მწარმოებლები, რომლებიც მომხმარებლებს ატყუებენ. მაგალითად, თელავში ამზადებენ ლორს და იყიდება რაჭული ლორის სახელით. ეს ჩვენ არაკონკურენტუნარიან გარემოში გვაყენებს. მათი ფასი დაბალია. ხალხი პროტესტს გამოთქვამს, რომ იგივენაირი ლორი ბევრად უფრო დაბალ ფასად ნახა. ჩვენ არ შეგვიძლია, ყველას ავუხსნათ რაშია საქმე. უბრალოდ შეუძლებელია 12 ლარად ნაყიდი პროდუქტი დამზადების შემდეგ 16 ლარად გაყიდო. რესტორნებსაც ხშირად ასეთ მწარმოებლებთან ურჩევნიათ თანამშრომლობა, რადგან ბევრად უფრო იაფი უჯდებათ", - აცხადებს ჯინჭარაძე.

კომპანიის დამფუძნებლის აზრით, ეს პრობლემა კანონით უნდა დარეგულირდეს. ჯინჭარაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის გამო, "რაჭულმა ლორმა" 2019 წელს სხვა პროდუქტების დამატებაც გადაწყვიტა და დღეს კომპანია ლორთან ერთად რაჭულ ყველს, ნიგოზს, თხილს და თაფლს ყიდის. "ახლა უფრო მეტად დამოკიდებული არიან რესტორნები ჩვენზე", - აღნიშნავს "რაჭული ლორის" დამფუძნებელი. კომპანია ამ პროდუქტებს რაჭაში ადგილობრივებისგან იძენს და თბილისში ყიდის.

ჯინჭარაძის თქმით, იგივე პრობლემა არსებობს სხვა პროდუქტებთან დაკავშირებითაც - "შემოდის უკრაინული და აწერია რაჭული ნიგოზი".

"ჩვენ მაღალი ფასები გვაქვს. როდესაც ნატურალური პროდუქტის დამზადება გინდა, სხვანაირად არ გამოდის",- აცხადებს ჯინჭარაძე.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ისედაც რთულია ბაზარზე ოპერირება, რადგან დამზადების დიდხნიანი პროცესის გამო, პროდუქტი ქსელურ მაღაზიებში ვერ შეაქვთ.

"ექსპორტისთვის ყველაზე საინტერესო რუსეთის ბაზარია, მაგრამ ხორცის გატანა რუსეთთან აკრძალული გვაქვს", - აღნიშნა ჯინჭარაძემ.

ცნობისთვის, "რაჭული ლორის" საწარმო, ქ. ონში მდებარეობს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და თავისი პროდუქტით თბილისში სხვადასხვა რესტორანს ამარაგებს. პროდუქტის შეძენა პირადი შეკვეთებითაცაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები