„ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი ზვიად კორძაძე სასამართლო დარბაზებში ტექნიკური საშუალებების (ტელეფონი, კომპიუტერი, აიპადი) შესაძლო აკრძალვის ლოგიკას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მსგავსი რეგულაციის პირობებში, ადვოკატები დაცვის ფუნქციას სრულყოფილად ვერ შეასრულებენ.
ამ თემის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელეფონისგან განსხვავებით, რომელსაც პროცესის დროს ისედაც თიშავს, კომპიუტერი, ლეპტოპი თუ აიპადი მისთვის მნიშვნელოვანია.
„კომპიუტერი ან აიპადი თუ ვერ გავშალე, სადაც საქმე მიწერია და ჩანიშნული მაქვს რაღაცები, ფუნქციას ვერ განვახორციელებ. პროცესზე ყოფნა მარტო იმისთვის, რომ მოსამართლემ შემხედოს, არაფერს ცვლის - ჩვენ ვერ განვახორციელებთ დაცვის ფუნქციას. არ შემხვედრია არცერთი ადვოკატი, რომელიც ამ აკრძალვის შემდეგ პროცესზე შევა“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
BMG-ის ეთერში იურისტმა დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის ეს ინიციატივა არა მხოლოდ არაპროდუქტიული, არამედ ფიზიკურადაც შეუსრულებელი თანამედროვე მართლმსაჯულებისთვის.
„ერთ-ერთი საქმე 30 ტომისგან და 560 გიგაბაიტი მასალისგან შედგება. აი, რა ფორმით უნდა შევიტანო ეს ყველაფერი სასამართლოში?! გოლიათი უნდა წავიყვანო პროცესზე, რომ შემომყვეს და ეს მასალა დამიწყოს?!“, - აცხადებს კორძაძე.
ზვიად კორძაძე დარწმუნებულია, რომ თუ ეს აკრძალვა მაინც შევა ძალაში, ადვოკატთა კორპუსი მწვავე პროტესტით შეხვდება, რადგან ტექნიკური საშუალებების გარეშე დაცვის ფუნქციის განხორციელება შეუძლებელია.
ცნობილმა ადვოკატმა „წერტილთან“ ინტერვიუში გაიხსენა წინა ხელისუფლების პერიოდიც, როდესაც სასამართლოში ტელეფონების შეტანა აკრძალული იყო და „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს შეზღუდვა გააუქმა.
- იყო ასეთი აკრძალვა წინა ხელისუფლების დროს და გააუქმა ამ ხელისუფლებამ; რატომ ვბრუნდებით ამ წრეზე?! ხომ იმიტომ გავაუქმეთ ეს ყველაფერი, რომ არ იყო სწორი?! რატომ გვჭირდება ამის მობრუნება და თუნდაც საუბრის დაწყება ამ ყველაფერზე?!
- როდის იქცევიან ასე ხელისუფლებები?
- ხელისუფლებები ასე იქცევიან მაშინ, როდესაც უჩნდებათ სურვილი, რაღაცა შეზღუდონ. მე იმასაც ვერ ვიგებ, რისთვისაა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადვოკატს შეუძლია პროცესის აუდიო ჩანაწერის გამოთხოვა პროცესის დამთავრებისთანავე და ჩანაწერი თუ მინდა, ტელეფონით თუ არ გადავიღე, ახლა ეს ჩანაწერი, აუდიო ჩანაწერს ვერ ავიღებ და ვერ გამოვითხოვ?! ანუ ამ ყველაფრის მიზანშეწონილობასაც ვერ ვხვდები.




























