მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ი $1.5 მილიარდის ღირებულების ობლიგაციებს გამოუშვებს. ამით ინსტიტუციური ინვესტორები, მათ შორის BlackRock-ი, აბუ-დაბის სახელმწიდო საინვესტიციო ფონდი და ამერიკული ჰეჯფონდი Citadel-ი შეიძენენ.
ობლიგაციები ხუთწლიანია და მათი წლიური სარგებელი 9%-ის ტოლია. სავალო ფასიანი ქაღალდებით მოზიდულ თანხას Telegram-ი არსებული ფინანსური ვალდებულებების, მათ შორის 2021 წელს გამოშვებული ობლიგაციების გადასაფარად გამოიყენებს.
როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებებში ვკითხულობთ, წლიური 9%-იანი ამონაგების გარდა, Telegram-ის ობლიგაციონერები სხვა უპირატესობებსაც მიიღებენ, მათ შორის აქციებზე ფასდაკლებას, თუკი კომპანია აქციებს საფონდო ბირჟაზე გაყიდის. აღნიშნული სიახლე Telegram-ის მენეჯმენტს ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ, როგორც პაველ დუროვმა X-ში დაწერა, მომდევნო კვირას ის დუბაიში ჩავა, საიდანაც საინტერესო სიახლეებს გააჟღერებს. რუსი ანტრეპრენიორი დაკავებულია და საფრანგეთში იმყოფება, მაგრამ ფრანგული სასამართლო პერიოდულად ქვეყნის დატოვების უფლებას აძლევს.
რუსი ანტერპრენიორის, პაველ დუროვის მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ი ძალიან სწრაფად იზრდება. გასულ წელს, Telegram-ის შემოსავალი წლიურად 308%-ით გაიზარდა და $1.4 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიამ პირველად დააფიქსირა წმინდა მოგება, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, $540 მილიონის ტოლი იყო. ამგვარად, პაველ დუროვის პროგნოზი, გამართლდა, ხოლო Telegram-ის მომხმარებელთა რაოდენობამ, ამჟამად, ერთ მილიარდს გადააჭარბა. Telegram-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის ბაზირებული და სრულ განაკვეთზე იქ მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობს.
ბოლო წლებში, Telegram-ი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელად იქცა, რომელსაც იყენებენ, როგორც ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ, ასევე ახალი ამბებისა და მნიშვნელოვანი განცხადებების გასავრცელებლად. Telegram-ის გაზრდილი შემოსავალი და წმინდა მოგება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორის ყველაზე მთავარი აპლიკაციის შიგნით შექმნილი ეკოსისტემაა. შემოსავლის ნახევარზე მეტს Telegram-ი ვაჭრობის და თამაშების მოდულით აგენერირებს, რომელთა დიდი ნაწილი TON-ის ბლოკჩეინზე არის დაშენებული. ამ შემთხვევაში, აქტიურად გამოიყენება კრიპტოვალუტა Toncoin-ი, რომელიც Telegram-ის ეკოსისტემაში გადახდების მამოძრავებელია.
ეკოსისტემის გარდა, Telegram-ისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს რეკლამა, რომელმაც გასულ წელს პლატფორმას $250 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ფულს Telegram-ი ფასიანი გამომწერებისგანაც იღებს, რაც გადამხდელი მომხმარებლების რაოდენობრივ ზრდაზე და მათგან მომავალ ინტერესზე მიუთითებს — ამ გზით, გასულ წელს, Telegram-მა $292 მილიონის შემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი საფრანგეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2024 წელს დააკავა. პროკურატორა მილიარდერს თორმეტ დანაშაულს ადანაშაულებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, რომ სასამართლო პროცესი სულ მცირე ერთი წელი არ შედგება. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ დაკავებამდე ჰქონდა.