დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო. შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ათეულობით მუნიციპალიტეტსა და სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზმომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და მათ სოფლებში:
- კასპის მუნიციპალიტეტი;
- გორის მუნიციპალიტეტი;
- ქარელის მუნიციპალიტეტი;
- ხაშურის მუნიციპალიტეტი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი და დაბა ბაკურიანი.
ბუნებრივი აირი ასევე არ შეუწყდებათ დასავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტების ქალაქებისა და სოფლების აბონენტებს:
- საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები;
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
- ქუთაისი, წყალტუბოს, ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები;
- აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტები;
- ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები;
- აჭარის რეგიონი.
„ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, - ნათქვამია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებაში.
ტექნიკური სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება.























