მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკები იზრდება - ეროვნული სატყეო სააგენტოს გაფრთხილება

ტყის ხანძრები
24.07.25 14:29
610

ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. მათივე ცნობით, ხანძრის მცირე კერები უკვე იყო, განსაკუთრებით ალპურ ზონებში, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და რეგიონების სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ დროულად იქნა ლიკვიდირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.

"ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები