საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებსა და მის პოტენციალზე ისაუბრა.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ქართულ ბაზარზე ფინტექ ინდუსტრია საწყის ეტაპზე სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, თუმცა 2023 წლის მიწურულიდან დღემდე, ტემპი დასტაბილურებულია. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია გახდა. ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების ლიცენზიის დანერგვა დაიწყო. ყველაზე დიდი აქცენტი, კერძოდ კრიპტო კომპანიებზე მოდიოდა. თუმცა, ამ პროცესებმა უკვე გადაიარა და დღეს განვითარება სტაბილური ტემპებით მიმდინარეობს.
„დღეს, საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო კომპანია გვყავს. მათი მიზანი ქართულ ბაზარზე წარმომადგენლობაა. მართალია, ქართული ბაზრის სიმცირე, საერთაშორისო კომპანიებისთვის მაინც და მაინც დიდი კომერციალიზაციის მომტანი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ საქართველოში პროდუქტის განვითარება და მათი კომპანიის წარმომადგენლობა პრიორიტეტებში ზის. ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან მათთვის ძალიან საინტერესო. შესაბამისად, ამ ქვეყნების მართვა საქართველოდან არის გაცილებით მარტივი და ეს არის მათი მთავარი ამოცანა.
ამასთან, აღსანიშნავია ჩვენი ინფრასტრუქტურა და რეგულაციები, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გამკაცრდა. ეროვნული ბანკის მხრიდან მკაცრი მიდგომები გამოიკვეთა. მაშინ როდესაც, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მნიშვნელოვანია მარეგულირებელმა შესაბამისი მიდგომები გამოიჩინოს. იმის გათვალისწინებით, რომ სტარტაპს გაცილებით მეტი დრო და რესურსი სჭირდება ნაბიჯის გადასადგმელად, ამ მომენტში ეროვნულ ბანკს შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ მეტი მოქნილობა გამოიჩინოს ასეთი ტიპის კომპანიებისთვის“,- განაცხადა კიკვიძე.
მისივე ცნობით, ეროვნულ ბანკს ფინტექ სექტორთან აქვს პოლიტიკა - "თან საქმე, თან სწავლა". როგორც ბიზნესს, ასევე ეროვნულ ბანკს ნაბიჯ-ნაბიჯ უწევთ სექტორის შესწავლა და მათსავე შეცდომებზე სწავლებისა და გამოცდილებების მიღება.
"თუ ჩვენ გვაქვს ორიენტაცია, რომ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიები, სერვისები, ინოვაციები გვქონდეს, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით სტარტაპებს ჰქონდეთ ხელშეწყობა. დღეს, ფაქტობრივად, იმ გარემოებაში ვართ, რომ ნებისმიერი ინოვაცია, რასაც ბაზარზე ვიღებთ, სტარტაპებიდან და ფინტექ კომპანიებისგან მოდის“,- განმარტავს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე.
რაც შეეხება საქართველოს ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბებას, კიკვიძე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევა კაპიტალია. მისი თქმით, ქვეყანაში სადაც სახელმწიფო სტარტაპებს აფინანსებს, იმიტომ რომ სხვა არავინაა, ვინც ამას გააკეთებს, უკვე სერიოზული პრობლემაა.
დავით კიკვიძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ვენჩურული ინვესტორებისა და NGO-ების ქსელის შექმნისთვის მეტ ნაბიჯს გადადგამს, რაც ჰაბის განვითარების წინაპირობა იქნება. ამასთან, ფინტექის სასიცოცხლო ციკლს კომერციული ბანკები წარმოადგენენ, თუმცა მათთვის პატარა ფინტექ კომპანიები და მათი პროდუქტები პრიორიტეტული არ არის. ამის მიზეზად, ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე, კომერციული თვალსაზრისით ნაკლებ ინტერესს ასახელებს.