“პირველ რიგში, რასაც ინვესტორი უყურებს, ეს არის ბაზარზე არსებული რეგულაციები”, - ამის შესახებ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ BMG-ის ბაქოს ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ფინტექ ბაზარი გაიზარდოს, მთავრობის როლი დიდია.
“თუ რეგულაციები მოქნილია და მორგებულია ბიზნესს, თუმცა ამასთან გათვლილია ფინანსურ სტაბილურობაზე, ინვესტორები ბაზრით ინტერესდებიან. ამიტომაც გვჭირდება, რომ მარეგულირებლები მომავალზე იყვნენ ორიენტირებული, რათა ნამდვილად მოქნილი შესაძლებლობები შეიქმნას”, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ახლა საქართველოში მეტ-ნაკლებად მოქნილი რეგულაციებია, მაგრამ ეს არაა საკმარისი.
“უფრო ღრმად უნდა ვიფიქროთ. ასევე, საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ რეგულატორმა ფოკუსი ფინტექების სასარგებლოდ უნდა შეცვალოს. ახლა კი ფოკუსი უფრო მეტად კომერციულ ბანკებზეა. ამ კუთხით მცირედი ცვლილებები გვჭირდება”, - განაცხადა მან.
დავით კიკვიძემ ყურადღება ასევე გაამახვილა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, რაც ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს ფინტექ ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
"კაპიტალი ერთ-ერთი უმთავრესია. ამიტომაც, თითოეულმა ბაზარმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეძლებენ სტარტაპები და ფინტექ სტარტაპები კაპიტალის მოზიდვას. მაგალითად, საქართველოში ჩვენ გვაქვს ამ კუთხით პრობლემები, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს განვითარებული კაპიტალის ბაზარი და შეიძლება ითქვას, რომ დაფინანსების ერთადერთი წყარო კომერციული ბანკებია. ამაზეც პირველ რიგში რეგულატორმა უნდა იფიქროს. მეორე მხრივ კი საჭიროა უნარები, ცოდნა და პროფესიონალები სფეროში. ვფიქრობ, ყოველ წელს, და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, სექტორში კვალიფიციურ კადრებზე მაღალია მოთხოვნა და მუდმივად გიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შექმნა ამ სფეროში გამოცდილება, როგორ გაზარდო პროფესიონალთა რიცხვი, რათა მათ მისცე შესაძლებლობა, რომ შექმნან ახალი სერვისები, ინოვაციური პროდუქტები”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.