მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Temu-სა და Pinduoduo-ს მფლობელი PDD Holdings-ის აქციებზე ფასი 25%-ით დაეცა

temu

ჩინურმა PDD Holdings-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც Temu-სა და Pinduoduo-ს მფლობელმა კომპანიამ მოგების პროგნოზი ვერ გაამართლა - მიზეზი ელექტრონული კომერციის ადგილობრივ პლატფორმა Pinduoduo-ზე მომხმარებლის დანახარჯების შემცირებაა, რამაც PDD Holdings-ის აქციებზე ფასი 25%-ით შეამცირა.

მყიფე ეკონომიკამ, უმუშევრობის გაზრდილმა დონემ და უძრავი ქონების სექტორის შესუსტებამ ჩინელ მომხმარებლებს ხარჯების დაზოგვისკენ უბიძგათ, რაც ყველაზე მეტად საცალო გაყიდვებისა და ელექტრონული კომერციის სექტორებზე აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ Pinduoduo მომხმარებელს ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტზე, იქნება ეს სურსათი თუ ელექტროტექნიკა, დაბალ ფასებსა და დამატებით ფასდაკლებას სთავაზობს, PDD-ის მსგავსმა კომპანიებმა ჩინეთის ელ.კომერციის ბაზარზე მაღალკონკურენტული გარემო შექმნეს, რის გამოც PDD მოგების ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს.

"სამომავლოდ, მოგების ზრდა ნამდვილად გართულდება, რასაც გაძლიერებული კონკურენცია და სხვა გარე გამოწვევები განაპირობებს. მოგებიანობაზე, სავარაუდოდ, გავლენას ჩვენ მიერ მომავალში გაწეული ინვესტიციაც იმოქმედებს", - განაცხადა PPD-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯუნ ლიუმ.

მისი თქმით, ინვესტიცია პლატფორმის უსაფრთხოებისა და სანდოობის გაზრდას, ისევე როგორც მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის შექმნას მოხმარდება, რის გამოც PPD "მოკლევადიანი მსხვერპლისა" და "მოგების კლებისთვის" მზად არის.

მეორე კვარტალში PDD Holdings-ის შემოსავალმა 97 მილიარდი იუანი (13.6 მლრდ დოლარი) შეადგინა, ნაცვლად ნავარაუდები 100 მილიონისა.

ანგარიშის თანახმად, კომპანიის საოპერაციო ხარჯები, 30 ივნისის ჩათვლით 3 თვეში, 48%-ით გაიზარდა, რადგან კომპანიამ მარკეტინგსა და რეკლამირებაში გაზრდილი ინვესტიცია ჩადო. ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები კი მეორე კვარტალში თითქმის გასამმაგდა.

კვარტალური საბაზრო პროგნოზი ვერ შეასრულა ვერც ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტმა, Alibaba-მ, რაც ასევე ადგილობრივი მომხმარებლისგან შემცირებული დანახარჯებით აიხსნება. კიდევ ერთი პლატფორმა JD.com-ის შემოსავალი კი კვარტალურად მხოლოდ 1.2%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები