მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Temu, SKIMS, Fashion Nova - სწრაფი მოდის ბრენდები "პასუხისმგებლობის ინდექსით" 0 ქულით შეფასდნენ

Skims
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ორგანიზაცია Remake-მა "მოდის პასუხისმგებლობის" 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც მსოფლიოში მოქმედი წამყვანი მოდის კომპანიები - როგორებიცაა: H&M, Inditex (Zara, Bershka, Massimo Dutti), LVMH, Shein, Temu - ექვს სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასა.

კატეგორიებს შორისაა: მიკვლევადობა, თანამშრომელთა ხელფასები და კეთილდღეობა, კომერციული პრაქტიკა, ნედლი მასალა და გარემოსდაცვითი პრაქტიკა და მართვა.

კვლევაში მონაწილე 52 კომპანიიდან თითოეულს მაქსიმუმ 150 ქულის მოპოვება შეეძლოთ, თუმცა პასუხისმგებლობის ინდექსით მათი საშუალო შეფასება მხოლოდ 14 ქულას უდრის.

აღსანიშნავია, რომ დაბალი ქულა ავტომატურად დაბალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას არ ატარებს - Ramake-მა ბრენდები მათ მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით შეაფასა, ზოგიერთმა კომპანიამ კი აღნიშნული დოკუმენტების გასაიდუმლოება ამჯობინა, რის გამოც დაბალი ქულები გაუმჭვირვალობისთვის დაიმსახურეს.

ინდექსის ანგარიშის მიხვედით, 150-დან 0 ქულა სწრაფი მოდის ყველაზე გამორჩეულმა კომპანიებმა, Missguided-მა, Fashion Nova-მ და, ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულმა Temu-მ დაიმსახურეს. 0 ქულით შეფასდა კიმ კარდაშიანის ბრენდი SKIMS-იც. რაც შეეხება სწრაფი მოდის ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას - Shein - მან წელს 6 ქულა დაიმსახურა. 10-ზე ნაკლები შეფასება ჰქონდათ კომპანიებს - Amazon, Abercrombie & Fitch და Macy's.

რაც შეეხება TOP პოზიციებს, 35-დან 40-მდე ქულა დაიმსახურეს Everlane-მა, Puma-მ, Reformation-მა, Ralph Lauren-მა და H&M-მა. აღსანიშნავია ისიც, რომ 52 კომპანიიდან 32-მა "მიმწოდების ქცევის კოდექსის" იმპლემენტაციაც შეძლეს, რაც მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს, უფრო კონკრეტულად კი მოქმედ ქარხნებში თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებს იკვლევს.

კვლევის მთავარ მიგნებებს შორისაა ტანსაცმლის ჭარბი წარმოების პრობლემა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ პროდუქტის ყოველწლიური წარმოება არ შემცირდება, მხოლოდ "ცირკულარული, მწვანე ინიციატივების" იმპლემენტაცია საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ეკოლოგიაზე მოდის ინდუსტრიის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები