პედიატრი თემურ მიქელაძე კახა კალაძემ ე.წ მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელად დანიშნა. თბილისის მერის თქმით, მხარდამჭერთა დარბაზში ყველა თაობის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელოს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პედიატრმა თემურ მიქელაძემ კისაზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისთვის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენციაა.
„ბოლო პერიოდში ორ-სამ ათეულ პაციენთან, კოვიდინფიცირებულ ბავშვთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყოველდღიური მაჩვენებელი, ორ-სამ ერთეულამდე ჩამოვიდა, რაც დამაიმედებელია. სულ პანდემიის პერიოდში, დაახლოებით, 4 500-მდე პაციენტი გავატარე და 27 ჰისპიტალიზაცია იყო. მინდა, ყველა თქვენგანს კიდევ ერთხელ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მოგიწოდოთ ვაქცინაციისკენ, რამეთუ ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია. სწორედ, პანდემიის დამარცხებითა და შემდგომი განვითარებით, კიდევ ერთხელ მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო კახა კალაძეს, მის ოჯახს, გუნდს და ვიმედოვნებ, რომ ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.