მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ქათამაძე 20 დღეა შიმშილობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ მოგვეწოდება - საია

თეიმურაზ ქათამაძე

საიას განცხადებით, თემურ ქათამაძე უკვე 20 დღეა შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ მიუწოდებია შესაბამის უწყებას. ადვოკატის შეფასებით, იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება.

"ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამასთან, სახალხო დამცველსაც არ მიუღია რაიმე ინფორმაცია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.

ამასთან, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი",- აცხადებენ საიაში.

როგორც ცნობილია, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 და შემდეგ 16 იანვარს დააკავა. ადმინისტრაციული წესით, 2025 წლის 11 იანვარს დაკავებისას, იგი მიიყვანეს ბათუმის პოლიციის სამმართველოში. დაკავებული უთითებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდამცავებს შორის იყო ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც თემურ ქათამაძე გამოიკითხა 2025 წლის 22 იანვარს.

16 იანვარს თემურ ქათამაძე ხელახლა დააკავეს და გადაიყვანეს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 იანვრის ბრძანების საფუძველზე, მისი გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე, მან დაიწყო სრული შიმშილობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები