მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თემურის [უგულავა] იდეა იყო...“ - როგორ შეიქმნა სასტუმროს ქართული ბრენდი Rooms?

Rooms

საქართველოში სასტუმროების ქართული ბრენდ Rooms-ი პირველად ყაზბეგში გაიხსნა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და დღეს Rooms-ის ბრენდის სასტუმროებს კომპანია Rooms Hotel-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი ვალერი ჩეხერია მართავს. კომპანია Adjara Group Holding-ში ერთიანდება და საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში, როგორც თავად კომპანიაში ამბობენ, ქვეყნისთვის დამახასიათებელ, ავთენტიკურ გარემოს ქმნიან. დღეს Rooms Hotel-ი მთის კურორტებზე ყაზბეგსა და ბაკურიანში, ასევე თბილისსა და ბათუმში ოთხ სასტუმროს აერთიანებს და 2025 წლისთვის აბასთუმანში ახალი Rooms-ის გახსნისთვის ემზადება.

აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი ვალერი ჩეხერია BMG TV-ის გადაცემა „ბრენდის ხმაში“ აღნიშნავს, რომ ყაზბეგში პირველი სასტუმროს გახსნიდან მალევე Rooms-ი სასტუმროების ქართული ბრენდი გახდა და ამას დიდი ხანი არ დასჭირვებია. სასტუმროების ადგილობრივი ქსელის განვითარებას და ბიზნესს BM.GE მუდმივად აკვირდებოდა, თუმცა როგორ შეიქმნა ბრენდი Rooms-ი და რა განასხვავებს მას სხვა სასტუმრო ბრენდებისგან - ამის შესახებ ვალერი ჩეხერიამ გადაცემა „ბრენდის ხმა“-ში ისაუბრა:

  • რა იდეით და ღირებულებით შეიქმნა Rooms-ი?

მთავარი ღირებულება ის იყო, რომ დაგვენახვებინა - რა არის საქართველო? როდესაც ჩამოდიხარ საქართველოში და რომელიმე ბრენდ სასტუმროში რჩები, ძალიან რთულია იმის აღქმა - რას წარმოადგენს ეს ქვეყანა და ჩვენ ამის ალტერნატივა შევქმენით, იმ ბრენდი სასტუმროებისგან განსხვავებით, რომლებშიც რომელ ქვეყანაში და ქალაქშიც არ უნდა ჩახვიდე, ერთნაირი დიზაინი აქვთ, ერთნაირი უნიფორმით, ღიმილით და მისალმებით გხვდებიან და ერთნაირი ტრენინგი აქვთ გავლილი... ამიტომ თუ ხშირად მოგზაურობ, რთულია არ აგერიოს რომელ ქალაქში ხარ, რადგან ყველაფერი მსგავსია... ამას ძალიან დიდი როლი ითამაშა და ჩვენ გვინდოდა ყველაფერი ქართული გვქონოდა. ადგილი, სადაც იღვიძებ ყველაფერი ძალიან ლოკალური უნდა იყოს და იმ გამოცდილებას უნდა გაძლევდეს, რომელიც იმ ქვეყანაში შეგიძლია მიიღო, გასინჯო ის გასტრონომია, რომელიც ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, ნახო ქართველი არტისტების ნამუშევრები, რომლებიც სასტუმროს კედლებზე იქნება გამოფენილი, მიიღო ქართული გამარჯობა - ამისთვის კი ჩვენს თანამშრომლებს განსხვავებულად ვატრენინგებთ, რათა მოსულ სტუმარს დავანახოთ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით ქვეყანაში. ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც ყოველთვის ყველასგან განგვასხვავებს, ქართული ბრენდი, რომელიც ბათუმში ჩახვალ, ყაზბეგში თუ ბაკურიანში ყველგან მორგებულია იმ ლოკაციაზე.

  • ბრენდის კონცეფცია როგორია - შიგნიდან გარეთ?

საქმის კეთებისას პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო იქ, სადაც სასტუმროს აკეთებ, თუ არ გააკეთე რესტორანი, სადაც ადგილობრივი მომხმარებლის დიდი ნაწილი შენ გსტუმრობს, სადაც მოდიან ქართველები, ჭამენ, ისვენებენ, კონფერენციებს ატარებენ... ჩამოსულ ტურისტებსაც ასეთი ადგილები აინტერესებთ, სადაც ადგილობრივები დადიან. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო მორგებული და მოიზიდო პირველ რიგში ქართველები და შემდეგ ტურისტები. ბრენდის სტრატეგიაც ასეთია შიგნიდან გარეთ, ანუ როდესაც ქართველების საყვარელი ადგილი, უცხოელებისთვის საინტერესო ხდება.

  • რამდენად რთული იყო ბრენდისთვის სახელის შერჩევა?

სახელი ძალიან მარტივად შევარჩიეთ. სულ რამდენიმე ვარიანტი იყო... მახსოვს თემურთან [უგულავა] ერთად Holliday Inn-ში ვისხედით, როცა მან მითხრა - მოდი RoomsHotel.com-ი აკრიფეო და ნახე თავისუფალი თუა ეს დომეინიო. ავკრიფეთ და თავისუფალი იყო... მაშინ თქვა, მოდი, Rooms-ი დავარქვათო, ასე დავიწყეთ... სახელის დასარეგისტრირებლად რომ მივედით, ასე გვითხრეს, რომ Rooms-ი ოთახთან ასოცირდებოდა და ჯერ უნდა გაიცნოს მოსახლეობამ როგორც სასტუმრო და მერე დაგირეგისტრირებთო... დომეინი თავისუფალი იყო და თემურის იდეა იყო „დავარქვათ Rooms-იო“, ნახევარ საათში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მაშინ 2011 წელს ძალიან გაგვიკვირდა, რატომ ვერ მოიფიქრა ვერავინ და ასეთი დომეინი რატომ არ არსებობდა...

  • ბრენდად ფორმირების პროცესში რა როლს ასრულებდნენ თანამშრომლები?

ამაზე მაგალითით გიპასუხებთ - ბევრჯერ უთხოვიათ Rooms-ის ფრენჩაიზის გაყიდვა, ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ, ფრენჩაიზის გაკეთება ყველას შეუძლია, თუმცა სულის ფრენჩაიზს ვერ გააკეთებ. ამ სასტუმროს სულს თანამშრომლები ქმნიან და სწორედ ისინი შთაბერავენ სულს. კედლები, სტილი შეიძლება შექმნა, თუმცა ბრენდს ქმნის ის იდეა და ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ. ისინი ჩვენთან კორპორაციულად ვითარდებიან. როცა პირველი Rooms-ი გავხსენით ფოტო გადავიღეთ და 100 წლის შემდეგ იმ თანამშრომლებს გავუგზავნეთ მესიჯად, ვინც მაშინ იქნებიან ჩვენს ადგილას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები