„ტენდერებში მონაწილეობას არ ვიღებთ, საინტერესო არ არის“ - ამის შესახებ სამშენებლო დარგის სპეციალისტმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.
მან გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ ტენდერები დეტალურად გაწერილი არ არის, რაც პრობლემას ქმნის.
„არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობენ და კერძო დაკვეთებზე არ მუშაობენ. მე და ჩემს კომპანიას არ გვაქვს ინტერესი და ტენდერებში მონაწილეობას არ ვიღებთ. არ გვინდა, არ არის საინტერესო. სხვანაირად ვმუშაობთ.
ტენდერები რაც მე მინახავს დეტალურად გაწერილი არ არის ხოლმე. ყველასათვის უფრო დამარცვლული და გასაგებად უნდა ეწეროს რას ელოდება დამკვეთი", - ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ სამშენებლო კომპანიებს, დაგვიანებულად განხორციელებული პროექტების გამო უპასუხისმგებლო უწოდა. აღნიშნული განცხადება კომპანია “მამისონთან” წარმოშობილ პრობლემას მოჰყვა, რადგან მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა.