მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტექინსპექტირების საფასური 8 წლის წინ რაც იყო, დღესაც იგივეა" - რა გამოწვევებია სექტორში?

ზედამხედველობის დეპარტამენტი

6 თვეში უკვე 8 წელი შესრულდება, რაც ქვეყანაში ტექინსპექტირების პროცესი დაიწყო. ამ წლების განმავლობაში მთავარ გამოწვევად კერძო სექტორის მხრიდან კანონის აღსრულება სახელდებოდა, რადგან არასათანადო რეგულირების პირობებში ცენტრებში ნაკლები იყო მიმართვიანობა. მაგალითად, გასულ 2024 წელს, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 54% გამოცხადდა ინსპექტირებაზე.

ბოლო პერიოდში შეიცვალა ის, რომ გამკაცრდა გზებზე აღსრულება, ე.წ ლოიალური ინსპექტორების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, დაიწყო თავად ინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი და სანქცირება. დღეს ბიზნესი ამბობს, რომ აღსრულების გამკაცრებასთან ერთად, ცენტრებში იზრდება მიმართვიანობაც. თუმცა მთავარი გამოწვევა ახლა ბიზნესისთვის რეფორმის დაწყებიდან დღემდე უცვლელი პირველადი ინსპექტირების საფასურია, რაც გაზრდილი ხარჯების პირობებში ცენტრებს მძიმე ტვირთად აწევს. ასოციაციამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს პირველადი ინსპექტორების საფასურის 50%-ით გაზრდის შესახებ, თუმცა ჯერ შესაბამის კანონში ცვლილებები არ შესულა.

დღეს მოქმედი ტარიფი, მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60, სატვირთოს შემთხვევაში კი 100 ლარია.

“კანონის აღსრულება გზებზე არის გაუმჯობესებული, ე.წ ჭკვიანი კამერები ფუნქციონირებს და აფიქსირებს დარღვევასაც, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის აღსრულებისთვის საჭიროა მისი სრულყოფა. მაგალითად, უკვე არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც არის იმ ავტომობილების მონაცემები, ვინც გადის ტექინსპექტირებას და ამიტომ კანონის აღსრულება არ უნდა იყოს მხოლოდ ჭკვიან კამერებზე დამოკიდებული, მისი აღსრულება შეიძლება ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. იქ ჩანს ინსპექტირება ვის აქვს გავლილი, იქ ჩანს რომელი ავტომობილია დახარვეზებული და რა მიზეზით და ა.შ. კანონის აღსრულება დღეს კი არის გაუმჯობესებული, ვიდრე იყო, მაგრამ შეიძლება მისი დახვეწა და უფრო მეტი ტექნოლოგიების დანერგვა.

რეფორმის დაწყებიდან თითქმის 8 წელი გადის და გამოწვევა დაგროვდა და პირველ რიგში, ეს ეხება კვალიფიციური კადრის შენარჩუნებას, რადგან ინსპექტორები დღეს ვერ იღებენ სათანადო ხელფასს, რაც იწვევს კადრის გადინებას სექტორიდან. ასევე ეს უკავშირდება ტექნიკურ აღჭურვასაც. 8 წლის შემდეგ ტექნიკა, რაც გამოიყენება ინსპექტორების პროცესში, საჭიროებს რიგ შემთხვევაში ჩანაცვლებას, რიგ შემთხვევაში შეკეთებას, მათ შორის შენობა-ნაგებობების, ამიტომ სფეროში დაგროვდა ისეთი საკითხები, რაც საჭიროებს ინვესტირებას, ამისთვის კი ცენტრებს დიდწილად არ გააჩნიათ ფინანსები, რადგან ტექინსპექტირების საფასური 8 წლის წინ რაც იყო, დღესაც იგივეა. გაძვირებულია საავტომობილო სერვისები, კომუნალური გადასახადები, მათ შორის კურსი შეცვლილია, ეს პრობლემა დგას, რომ გადასახადები გაძვირდა, გაძვირდა ტექნიკური აღჭურვის განახლებაც, საჭიროებაა ინსპექტირების ხელფასები გაიზარდოს, ამიტომ ტექინსპექტირების საფასურის რეალობაში მოყვანა უკვე აქტუალურია.

რთული საკითხია დღეს რა უნდა იყოს საფასური, მიზანშეწონილად მიმაჩნია სამინისტროსთან ერთად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რაც დაადგენს ოპტიმალურ საფასურს, რომელიც მისაღები იქნება ცენტრისთვის, მომხმარებლისთვის და სახელმწიფოსთვის”, - აცხადებს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები