მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუკუნოვანი ბრენდი 1992 წელს გაუქმებული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი იყო და არა, ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ამას, უნივერსიტეტების გაერთიანების მოწინააღმდეგეები ამბობენ.

მან ამის შესახებ დუბაიში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ 1992 წლიდან დაიწყო სისტემური პრობლემები და ამ პერიოდიდან ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში გერად იქცა.

„ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა, როდესაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს გადაერქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1992 წელს მოხდა ეს და 1992 წლიდან იწყება პრობლემები, სწორედ, ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ შორის, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში,“- განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ განათლების სისტემა მძიმე კი არა, უმძიმეს მდგომარეობაშია და არსებული პრობლემები თვალსაჩინოა როგორც სისტემურ, ისე კონკრეტული უნივერსიტეტების დონეზე.

„ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ შვიდი პრობლემა, შვიდი გამოწვევა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ შვიდი პასუხი კონკრეტულ გამოწვევებზე. თუ გამახსენებთ, რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა ვინმე რაიმე კონკრეტული წინადადებით, კონსტრუქციული გზავნილებით, ასეთი არაფერი. იყო ერთადერთი უხეში, ზოგადი განცხადებები ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუ ვინმეს რამე არგუმენტი ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ან არ უნდა გაკეთდეს, მაგალითად ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, თუ არ უნდა გაუმჯობესდეს. ოპტიმიზაცია არის საჭირო რესურსების, აქ არ იგულისხმება კადრების ოპტიმიზაცია, ზოგადად საუბარი ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია არის საჭირო თუ არ არის საჭირო. არის თუ არა აუცილებელი ის, რომ ისედაც მწირი ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. თუ არ არის საჭირო, შეგვიძლია ამაზეც იმსჯელოთ. გვაქვს თუ არა სახელმძღვანელოები ძირითად საგნებში, ვიმსჯელოთ ამაზე. საუბარი რომ არის ბრენდებზე და ა.შ. აქ მთავარია, რომ ამდენი წელი გავიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც ნახევარზე მეტში არ გვაქვს ჩვენ მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები. ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ, მზად ვარ ოპონენტებთან ვისაუბრო ამ თემებთან დაკავშირებით. იმდენად თვალსაჩინოა პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები, ვფიქრობ, რომ ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები, მეორე მხარეს არის ცარიელი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის დისკუსიისთვის ყველა საკითხზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციაზე, ადამიანური რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მაღალი სტანდარტის სახელმძღვანელოების არსებობაზე. მისი თქმით, დღემდე, მათ შორის იურიდიული მიმართულებითაც, ძირითად საგნებში არ არსებობს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, რაც გამოსასწორებელია.

მან ასევე უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ტექნიკური და ჰუმანიტარული უნივერსიტეტების გაერთიანება იგეგმება. მისი განმარტებით, რეალური პრობლემა ის არის, რომ ტექნიკური მიმართულება წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დატოვებული, რის შედეგადაც ქვეყანაში სერიოზული დეფიციტია ინჟინრებისა და ტექნიკური პროფილის სპეციალისტების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების საერთო რაოდენობაში დაახლოებით 10%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთ მესამედს აღწევს. მისი განცხადებით, ტექნიკური მიმართულებების გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის.

„არავითარი ტექნიკური და ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გაერთიანება არ ხდება სინამდვილეში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა ის, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა მთელი ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ ამის გამოსწორება არ უნდა, ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რომ ნახოთ გამოშვება, მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის ან სხვა მიმართულებით, წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება, არის ძალიან დიდი დეფიციტი. როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფო, მოგეხსენებათ, დაკავებული და არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში, ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით, ისე კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ტექნიკური მიმართულებები არათუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტექნიკური მიმართულება გავაძლიეროთ. დღეს, ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება იყოს დაახლოებით 10 %. და ამ დროს, რომ ნახოთ თქვენ განვითარებული ქვეყნები, მესამედია, დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას. ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი და მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა და ჩვენ გვაქვს გააზრებული რეფორმა, ოპონენტები კი გამოდიან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები