მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნიკური უნივერსიტეტი დარგობრივი უნივერსიტეტი არაა, მისი სტუდენტების 60% არატექნიკურ კურსებს გადის - კობახიძე

იმპიჩმენტი

"საქართველოს დედაქალაქში ჩვენ გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, გერმანია", - ამის შესახებ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის დარგობრივი უნივერსიტეტი და ისიც ბოლო 35 წლის განმავლობაში, ჩამოყალიბებულია როგორც მულტიფუნქციური უნივერსიტეტი.

"ერთ მარტივ მაჩვენებელს მოვიყვან - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 60% გადის არატექნიკურ კურსებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ესენია არატექნიკური დისციპლინები, შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა დაახლოებით ისეთ უნივერსიტეტად, როგორიცაა თსუ, როგორიცაა ილიას უნივერსიტეტი და ერთ ქალაქში გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, გერმანია. ერთადერთი პრეცედენტია ბერლინი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც არის 2 უნივერსიტეტი.

ყველა სხვა ქალაქში, მათ შორის, მილიონიან ქალაქებში არის თითო უნივერსიტეტი და საქართველოში, სადაც არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული დეფიციტი, მათ შორის, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება, ერთ ქალაქში გქონდეს, მაგალითად, 3 იურიდიული ფაკულტეტის შენარჩუნების ფუფუნება. ეს, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ ის მწირი რესურსიც კი, რაც გვაქვს, სრულიად ირაციონალურად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არგუმენტებით ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს და ოპონენტები საუბრობენ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თან, რეალურად, თავის დროზე აღიარებული აქვთ, რომ სერიოზული, უმძიმესი პრობლემებია განათლების სისტემაში და როგორც კი შევეხეთ, ერთხელ ნახევრად ხუმრობითაც კი ვთქვი, რომ უცბად თსუ გამოაცხადეს ჰარვარდად, ტექნიკური უნივერსიტეტი გამოაცხადეს კემბრიჯად, ილიას უნივერსიტეტი კი ოქსფორდად, როცა მანამდე ყველა აღიარებდა, რომ არსად არ იყო უზრუნველყოფილი განათლების სათანადო ხარისხი.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი არგუმენტები არ არსებობს, მოსაწესრიგებელია თავიდან ბოლომდე სისტემა. ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი ამოცანა, დღეს ქართველი სტუდენტი ვერ იღებს სათანადო ხარისხის განათლებას უნივერსიტეტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის გარდამტეხი ცვლილებები საჭირო, არა კოსმეტიკური, არამედ რეალური ცვლილებები. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი რეფორმის შინაარსთან დაკავშირებით, უნდა გამოვიდეს საკუთარი არგუმენტებით და არა უარგუმენტო კრიტიკით იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმას ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ეს რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ხანგრძლივი შეხვედრა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე ორი დღის წინ გაიმართა. თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება“ არ მიღებულა. თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ კი აღნიშნა, რომ მიქანაძემ ბევრჯერ თქვა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები