ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესმოდელი ორგანიზაციებს გაცილებით უფრო მომგებიანს ხდის. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ Moka United Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნინო ჭედიამ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანია B2B მიმართულებით ოპერირებს და პარტნიორებისთვის ხილულ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, მათ შორის, ფულადი გზავნილების მიმართულებით. ნინო ჭედიას განმარტებით, Moka United-ის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, თუმცა ამ ეტაპზე, გადმორიცხვების დაახლოებით 90% ფიზიკურ პირებზე მოდის, რადგან ბიზნეს-მიმართულება ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.
„რემიტენსები (ფულადი გზავნილები) ტრადიციულად ფიზიკურ პირებთან ასოცირდება, თუმცა როდესაც ბიზნესი იგებს, რომ შეუძლია თანხების გადმორიცხვა და მიღება საქართველოშიც, ეს ქმნის დამატებით ალტერნატივას, რომელიც სისწრაფესა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ნინო ჭედიამ.
კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, 2025 წელი Moka United Georgia-სთვის დატვირთული და შედეგიანი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში, კომპანიამ ტექნოლოგიურად დაახლოებით 100 კომპანია გააძლიერა და ბარათებით გადახდის პროცესის სრულ ტრანსფორმაციას ხელი შეუწყო.
ფიზიკური პირების მიმართულებით საუბრისას, ნინო ჭედიამ აღნიშნა, რომ კომპანია ასზე მეტი ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების უსაფრთხო და დაბალფასიან მიღებას უზრუნველყოფს. კომპანიამ სრულად დაფარა ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი კორიდორები, მათ შორის - აშშ, ევროპისა და აზიის ქვეყნები, როგორიცაა იტალია, გერმანია და საბერძნეთი, რომლებიც ამ მიმართულებით წამყვან ბაზრებად ითვლება. მისი თქმით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თანხა სამჯერ უფრო იაფად მიიღონ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე.




























