2024 წელი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სამუშაო ძალის შემცირებით დაიწყო და ეს ტენდენცია არაერთ გლობალურ ფირმაზე გავრცელდა. თუ წლის დასაწყისში შემცირებებით ყველაზე მეტად ვიდეო თამაშების სფეროს წარმომადგენლები - Discord-ის, Unity-ის თუ Twitch-ის თანამშრომლები დაზარალდნენ, შემცირებების სერია მალე სხვა სექტორებზეც გავრცელდა და ათასობით დასაქმებულს შეეხო.
Layoff.fyi პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულთა და სამსახურიდან დათხოვნილთა მონაცემებს აგროვებს. მათი ინფორმაციით, წელს სამუშაო ძალას ყველაზე მასშტაბურად კომპანია Dell-ი შეამცირებს, რომელმაც მარტში უკვე დაითხოვა 6000 თანამშრომელი და, წლის ბოლომდე, ამ რიცხვის 26 000-მდე გაზრდას გეგმავს. Dell-ის HR დეპარტამენტში დასაქმებული ანონიმური წყაროს ინფორმაციით, კომპანია თანამშრომელთა რაოდენობის 100 000-მდე შემცირებას აპირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, Dell-მა აგვისტოში უკვე დაითხოვა 12 500-მდე თანამშრომელი გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტიდან.
Dell-ში თანამშრომელთა შემცირებები კვლავ მოსალოდნელია, მიზეზი კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა, რამაც ადამიანური ძალა ბევრ კომპანიაში ჩაანაცვლა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც სამუშაო ძალა მასშტაბურად შეამცირა Intel-ია. კომპანიამ 2023 წელს $7 მილიარდის ოდენობის საოპერაციო ზარალი მიიღო, დაკარგა მნიშვნელოვანი კლიენტებიც. აგვისტოს დასაწყისში Intel-იდან 15 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლების შემდეგ, კომპანიის აქციებზე ფასები 1997 წლის შემდეგ რეკორდულად შემცირდა.
ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი კონკურენტი ბაზრის უპირობო ლიდერი Nvidia-აა, რომელმაც ჩიპების წარმოებასთან ერთად, დიდი შემოსავალი AI სეგმენტიდანაც მიიღო.
2024 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა Tesla-სთვისაც, რომლის ელექტრომობილებზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, ჩინეთში გაზრდილმა კონკურენციამ კი ავტომობილებზე ფასების შემცირებაც გამოიწვია. სწორედ ამ ფონზე დაითხოვა კომპანიამ 14 500 თანამშრომელი.
კიდევ შვიდი კომპანია, რომლებმაც სამუშაო ძალა ყველაზე დრამატულად შეამცირეს:
Cisco: -10150
SAP: -8000
Toshiba: -4000
Paytm: -3500
Getir: -3300
PayPal: -2585
UKG: -2200