ტექსტილის მწარმოებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების თანამშრომლობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს.
გეგმის მიზანია, საქართველოს უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლონ კვალიფიციური პერსონალის მომზადება ტექსტილის წარმოებისთვის.
„ტექსტილის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მსხვილი დამსაქმებელი და ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულებაა. ყველა გამოწვევა, რომელიც დარგის განვითარებას უშლის ხელს, მთავრობის მიერ გადაუდებელ ამოცანად სახელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
3 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ტექსტილის ინდუსტრიასთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა - ნათია თურნავამ და მიხეილ ჩხენკელმა ტექსტილის ბიზნესის წარმომადგენლებთან პროფესიული კადრების მომზადების საკითხებზე ისაუბრეს.
აღნიშნული შეკრების ჩატარება 18 ოქტომბერს ნათია თურნავასა და სამკერვალო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე დაიგეგმა, რომლის დროსაც გამოიკვეთა დარგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის საკითხზე.
შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზად არის, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება კომპანიებს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, კომპანიებმა უნდა მიმართონ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს.