მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკი 2023 წლის მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მზარდ შედეგებს აქვეყნებს

ტერაბანკი 2023 წლის მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მზარდ შედეგებს აქვეყნებს
01.02.24 10:05
321
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკმა სტრატეგიული მიმართულების — მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის 2023 წლის ფინანსური შედეგები შეაჯამა.

აღსანიშნავია, რომ ბანკმა, გასული წლების მსგავსად, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების სეგმენტზე პოზიტიური დინამიკა აჩვენა: საკრედიტო პორტფელი, 2022 წელთან შედარებით, 25%-ით გაზარდა, სადეპოზიტო პორტფელი კი — 8%-ით. რაც შეეხება ბიზნესკლიენტების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 22%-ით მოიმატა. 2023 წლის განმავლობაში ტერაბანკმა ათასობით სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი დააფინანსა, რომელთა უმეტესი ნაწილი წარმოების, ვაჭრობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში საქმიანობს. ამგვარად, ბანკმა ხელი შეუწყო არაერთი ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც საკუთარი წვლილი შეიტანა.

საგულისხმოა, რომ გასულ წელსაც ტერაბანკი ტრადიციულად აქტიურად აგრძელებდა დაფინანსების სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას, რაც ფინანსურ შედეგებზეც პოზიტიურად აისახა: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გაცემულ სესხებში ტერაბანკის წილმა 20% შეადგინა. წარმატებულ პარტნიორობასა და მაჩვენებლებს ხელი შეუწყო ბანკის ახალმა პროდუქტებმა, შეღავათიანმა Start Up ბიზნეს და აგროსესხებმა, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში ჯამურად სულ 6 მილიონი ლარის ოდენობის Start Up ბიზნეს და აგროსესხი გაიცა და პროექტი კვლავაც გრძელდება.

2023 წელს ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესებს, მათი საქმიანობების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი — ტერა ლიზინგი შესთავაზა. ის Bizon.ge-სთან ერთად შემუშავდა და მეწარმეებს ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად, ლიზინგსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. პროდუქტი ბიზნესისთვის ძირითად საშუალებებზე ხელმისაწვდომობას ზრდის, ხელს უწყობს საწარმოების გადაიარაღებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას.

ბანკი ბიზნესკლიენტებისთვის ინოვაციური, კომფორტული და მოქნილი სერვისების შეთავაზებაზე მუშაობასაც აგრძელებდა. ამ მიზნით, ტერაბანკმა საქართველოში პირველმა დანერგა საერთაშორისო ანგარიშსწორების პლატფორმა Visa B2B Connect, რომელიც ნებისმიერ ბიზნესკლიენტს საშუალებას აძლევს, ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური, არასაბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების მომსახურებით ისარგებლოს, განახორციელოს და მიიღოს სწრაფი, უსაფრთხო და მოქნილი საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში.

2023 წელს ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის განვითარების ხელშემწყობ, სხვა ინოვაციურ ინიციატივებსაც ახორციელებდა. სპეციალურად ამ სეგმენტისთვის შეიქმნა საქმიანობების გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს, მათ საქმიანობების გაციფრულების მარტივად და ეფექტიანად განხორციელებაში, ციფრული და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში, ბიზნესპროცესების ნაკლები დანახარჯებითა და მეტი შედეგიანობით წარმართვაში ეხმარება. პროექტი როგორც ბიზნესსექტორში, ისე მთლიანად ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება და უფასო, ღია ღონისძიებებსა და კონსულტაციებსაც აერთიანებს. გასულ წელს Saasargeblo.ge-მ 2 B2B შეხვედრა უკვე გამართა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმისა და, ზოგადად, SaaS ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ტერაბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი თანამშრომლობები დაიწყო საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთანაც. მათ შორის იყო ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA და საგულისხმოა, რომ მასში საქართველოდან პირველად ტერაბანკი ჩაერთო. პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. იგი ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. NASIRA დაეხმარება ტერაბანკს, გააფართოოს დაკრედიტება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეწარმეების საქმიანობების ხელშეწყობას ემსახურებოდა კიდევ ერთი ინიციატივა, საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award, რომელიც ტერაბანკის მხარდაჭერით და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ჩატარდა. პროგრამა ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის კუთხით საგანმანათლებლო კურსსა და მენტორობას სთავაზობდა.

საგულისხმოა, რომ ტერაბანკის ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებამ აღიარება გასულ წელსაც მოიპოვა. პროექტი „ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე Meliora 2022, კატეგორიაში „კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე“, გამორჩეულ პროექტად დასახელდა. ინიციატივა ბიზნესკლიენტების მხარდაჭერას, ონლაინსივრცეში მათი საქმიანებობის პოპულარიზაციასა და წარმოჩენას ემსახურებოდა. ონლაინკატალოგი 100 ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიას აერთიანებდა და ფეისბუქსა და ტერაბანკის ვებგვერდზე იყო განთავსებული. იგი ადამიანებს საშუალებას აძლევდა, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი კომპანიების პროდუქტები და სერვისები, სურვილის შემთხვევაში, მარტივად დაჰკავშირებოდნენ მწარმოებელს და თავადაც შეეწყოთ ხელი ამ ბიზნესის წარმატებისთვის.

ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით განხორციელებულმა საქმიანობამ გლობალური აღიარებაც მოიპოვა. 2023 წლის ბოლოს პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Global Banking & Finance Review-მ ტერაბანკი ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი SME ბანკის (Fastest Growing SME Bank Georgia 2023) კატეგორიაში დააჯილდოვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გასულ წელს ტერაბანკმა ბიზნესკლიენტების სეგმენტის განვითარების მიმართულებით გადადგა, ახალი MSME სტრატეგიის შემუშავება იყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით განხორციელდა და მან ტერაბანკის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, დაეხმარა მას, ხელახლა განესაზღვრა პოზიციები ბაზარზე და შეექმნა სერვისის მოდელი, რომელიც MSME სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და განვითარებას, მათ მიერ დასახული მიზნების ეფექტიან მიღწევას ემსახურება. ამ სტრატეგიით გაწერილი ამოცანების შესრულება, ბიზნესკლიენტებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, მათ ინფორმირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები