მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკმა მეწარმე ქალებს ბიზნესსაქმიანობების დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობები გააცნო

ტერაბანკმა მეწარმე ქალებს ბიზნესსაქმიანობების დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობები გააცნო
03.04.24 08:47
577
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების განხორციელებას, მეწარმე ქალების მხარდაჭერას აგრძელებს. სწორედ მათი ბიზნესსაქმიანობების ხელშეწყობას ემსახურებოდა შეხვედრა „ბიზნესშესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის“, რომელიც 28 მარტს, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ ჩატარდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას 200-მდე მონაწილე იმ სასარგებლო ინფორმაციას გაეცნო, რომელიც მათ საკუთარი საქმიანობების დაწყებასა და განვითარებაში დაეხმარება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ის ქალები, რომლებიც ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმას ახლა აპირებენ და ისინიც, ვინც წლებია, აგროტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, განათლების და სხვა სფეროებში საქმიანობებს უძღვებიან.

ღონისძიებაზე ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბექა ბიბილაშვილმა მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, თეონა ბაბუნაშვილმა მონაწილეებს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სააგენტო მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს, ტერაბანკის ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯერმა, სანდრო კანდელაკმა კი მათ ბიზნესსაქმიანობის გაციფრულების მხარდამჭერი პლატფორმის, SaaSargeblo.ge-ის შესაძლებლობები წარუდგინა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების Helio.AI-სა და Signify-ს წარმომადგენლებიც, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი პროდუქტები, მომსახურებები და მათი გამოყენების უპირატესობები გააცნეს. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მნიშვნელოვანი და საინტერესო ბიზნესკავშირები დაემყარებინათ.

„მეწარმე ქალებისთვის სასარგებლო შესაძლებლობების, პროგრამებისა და სერვისების დეტალურ გაცნობას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. გვჯერა, დღევანდელი შეხვედრაც არაერთ მათგანს დაეხმარება საკუთარი ბიზნესსაქმიანობის წარმატებით დაწყებასა და განვითარებაში“, - აცხადებენ ტერაბანკში.

მეწარმე ქალების მხარდაჭერა ტერაბანკის, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით ბანკს სხვადასხვა ინიციატივა აქვს განხორციელებული. მათ შორის იყო რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც აგროტურიზმის სფეროში საქმიანობენ, ბრენდინგის შექმნა და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებით მათი ობიექტების შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ტერაბანკმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა კულინარიული გზამკვლევის მომზადებას, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, აგროტურიზმში დასაქმებული 10 ქალის ისტორიას, ობიექტების აღწერასა და კულინარიულ რეცეპტებს აერთიანებს.

ტერაბანკი მეწარმე ქალების მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები