მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტერმინალით გადახდის საფასურის შესამცირებლად სებმა "ჭკვიანი მარშრუტიზაციის" ბრძანება გამოსცა

საბანკო ბარათი პოსტერმინალი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც „ჭკვიანი მარშრუტიზაციის“ (Smart Routing) დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების წესებს განსაზღვრავს. ამ ბრძანების მიღებას სებს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებული კანონი ავალდებულებს, რომელიც საგადახდო პროვაიდერებისთვის ახალ ნორმებს და რეგულაციებს განსაზღვრავს.

ინიციატივას წინ უსწრებდა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის პირველადი სახე, რომლითაც პოსტერმინალით გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ გადახდის ღირებულების 0.5% განისაზღვრებოდა (ამჟამად საშუალოდ 1-1.5%-ია), თუმცა ეს პროექტი შეიცვალა და საკომისიოს ლიმიტის დაწესების ნაცვლად განისაზღვრა, რომ აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ჭკვიან მარშრუტიზაციაზე, რომელიც საგადახდო პროვაიდერის სისტემაზე დაშვების ვალდებულებას აწესებს. ამასთან განსაზღვრავს რომ პროვაიდერმა არ შეიძლება სხვა პროვაიდერის სისტემის ბარათებს დაუწესოს მომსახურების უფრო მაღალი საკომისიო, ვიდრე ეს თავად მის სისტემაში არის გათვალისწინებული. სისტემას ევალება აირჩიოს გადახდის ის არხი, რომელიც ყველაზე სწრაფი და დაბალი საკომისიოსი იქნება.

"ჭკვიანი მარშრუტიზაცია" ეს არის ალგორითმული მეთოდი, რომელიც ბარათით გადახდის მომენტში ავტომატურად ირჩევს ტრანზაქციის განხორციელების ყველაზე ოპტიმალურ გზას. შერჩევა ხდება რამდენიმე კრიტერიუმით:

  • დაბალი საკომისიო: სისტემა ეძებს ყველაზე იაფ არხს.
  • სისწრაფე: ოპერაციის დამუშავების მინიმალური დრო.
  • სისტემის სტაბილურობა: ქსელის ხელმისაწვდომობის გათვალისწინება.

ვალდებულებები და ვადები

ახალი რეგულაცია ეხება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, ექვაირერებს, სუბ-ექვაირერებსა და სისტემის ოპერატორებს. ბრძანების თანახმად, დადგენილია მკაცრი ვადები:

  1. 2026 წლის 1 აპრილი: ბოლო ვადაა პროვაიდერებისთვის, რათა ეროვნულ ბანკს წარუდგინონ თავიანთი კონცეფციური ხედვა, ტექნიკური ალგორითმები და უსაფრთხოების მექანიზმები.
  2. დამტკიცებიდან 3 თვე: მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი დაამტკიცებს ერთიან სტანდარტს, ბაზრის მოთამაშეებს მხოლოდ 90 დღე ექნებათ მის სრულყოფილად დასანერგად.

მთავარი პრინციპი: არადისკრიმინაციულობა

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“ არ უნდა გახდეს რომელიმე კონკრეტული საგადახდო სისტემის ხელოვნური პრიორიტეტიზაციის იარაღი.

"საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან ჭკვიანი მარშრუტიზაციის ტექნიკური მხარდაჭერისას: ა) დაიცვან არადისკრიმინაციულობისა და ტექნოლოგიური ნეიტრალობის პრინციპები; ბ) არ მიანიჭონ არამართლზომიერი უპირატესობა რომელიმე გადახდის სისტემას, ქსელს ან მომსახურებას; გ) უზრუნველყონ, რომ მხარდაჭერის პროცესმა არ შეზღუდოს მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ გადახდის სისტემის/მეთოდის არჩევის უფლება,"- ნათქვამია ბრძანებაში.

უსაფრთხოება და „სათადარიგო სცენარები“

ბრძანება პროვაიდერებს ავალდებულებს ე.წ. Fallback (სათადარიგო) სცენარების ქონას. ეს ნიშნავს, რომ თუ ძირითადი, ყველაზე იაფი არხი ტექნიკურად მიუწვდომელია, სისტემამ მომენტალურად უნდა გადართოს ტრანზაქცია ალტერნატიულ გზაზე, რათა გადახდის პროცესი არ შეფერხდეს.

ამასთან, ბრძანების თანახმად, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი, მოითხოვოს ლოგირების მონაცემები და ინციდენტების ანალიზი, რათა დარწმუნდეს, რომ სისტემა სამართლიანად მუშაობს.

"სუბიექტები ვალდებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ჭკვიანი მარშრუტიზაციის ერთიანი სტანდარტი/ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტები ან/და ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების მინიმალური მოთხოვნები დანერგონ მათი დამტკიცებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ შესაბამის სამართლებრივ აქტში სხვა ვადა არ არის განსაზღვრული,"- ნათქვამია ბრძანებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები