“ტერმინი "გემოვნებიანი" საბჭოთა მიდგომას მახსენებს", - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში ურბანისტმა ანა ბიბილაშვილმა "ოცნების" მთავრობის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც შენობების ფასადებთან დაკავშირებით ახალი სტანდარტების შემოღებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცდება კონკრეტული პარამეტრები, რაც განსაზღვრავს შენობების ფასადებს, ღობეებს და სახურავებს. რა ტიპის სტანდარტებზეა საუბარი ჯერ უცნობია, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ შენობების იერსახე გემოვნებიანი უნდა იყოს.
ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ფასადების რეგულირების ნაწილში გემოვნებაზე აქცენტის გაკეთება არაპროფესიულია. მისი თქმით, თუ ფასადების სტანდარტების შემოღებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ენერგოეფექტურობაზე, ხარისხსა და გამძლეობაზე გაკეთდეს, ვიდრე კონკრეტული პირების გემოვნებაზე.
“ტერმინი "გემოვნებიანი" არაპროფესიულია და უფრო საბჭოთა მიდგომას მახსენებს. თანამედროვე პრინციპებით, ფასადების შეფასებისას აქცენტი კეთდება არა სუბიექტურ გემოვნებაზე, არამედ კონკრეტულ კრიტერიუმებზე: ენერგოეფექტურობა, ეკოლოგიურობა, მასალის მაღალი ხარისხი და გამძლეობა, ასევე კონტექსტი, ანუ რამდენად ესადაგება შენობა არსებულ გარემოს. სწორი მიდგომა იქნებოდა ტექნიკური რეგლამენტის შექმნა, რომელიც სწორედ ამ ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება და არა ვიღაცის გემოვნებას.” - ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.




























