შენობების ფასადებთან დაკავშირებით ახალი სტანდარტები დამტკიცდება - ამ ინიციატივით "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოდის. მისი თქმით, დამტკიცდება კონკრეტული პარამეტრები, რაც განსაზღვრავს შენობების ფასადებს, ღობეებს და სახურავებს. რა ტიპის სტანდარტებზეა საუბარი ჯერ უცნობია, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ შენობების იერსახე გემოვნებიანი უნდა იყოს.
კობახიძის განცხადებამ არქიტექტორებს და ხელოვნებათმცოდნეებს საბჭოთა პერიოდი გაახსენა. ფიქრობენ, რომ განცხადებას მეტი სიცხადე სჭირდება და ამასთან, ინდივიდუალიზმის უგულებელყოფა და ფასადების ერთ თარგზე მორგება ქვეყნის ქალაქ განვითარებაში არსებულ რეალურ პრობლემებს ვერ აგვარებს.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს,რომ გარკვეული კრიტერიუმების განსაზღვრა ისტორიულ არეალებში აუცილებელია, თუმცა მისი განზოგადება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმართლებელია.
“ქალაქების ისტორიულ ნაწილს აქვს თავისი სპეციფიკა, იქ არის სახურავებიც, ფასადებიც, სიმაღლე, მასშტაბი და მოცულობა. აქ, უნდა არსებობდეს ჩარევის სახელმძღვანელოები, ე.წ გაიდლაინები, რომელიც როგორც არქიტექტორს, ისე მფლობელს და ისევე მშენებლობის მსურველს აძლევს ცხად სურათს, რისი გაკეთება შეუძლია. ეს ერთი ისტორიული ნაწილთან მიმართებით, რომლის საჭიროებაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ და არ აკეთებენ. თუ ამაზე საუბარი არაა, ე.ი ლაპარაკია ზოგადად ქალაქზე.
ზოგადად ქალაქში ე.წ კოეფიციენტები არეგულირებს, სად, რისი მშენებლობა შეიძლება. სტანდარტიზებულ ფასადებზე და სახურავებზე, პრაქტიკულად შეუძლებელია და არც არის სწორი, რომ ვისაუბროთ, რადგან მაშინ გამოდის, რომ მივიღებთ რაღაც სტანდარტიზებულ მშენებლობას, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს.
ქალაქებში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არ სჭირდება რაღაცა ალბომი, რომელსაც გადავშლით და ვიტყვით, ასეთი სახლი მინდა. აქ არის მთელი პარამეტრები და რეგულაციები, რომელიც როგორც მოსახლეობამ, ისე სახელმწიფომ უნდა დაიცვას. ის, რომ ეს რეგულაციები ხშირად ირღვევა, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება ან აქვს კონკრეტულ ადამიანს გავლენის დიდი ძალა, ეს არის პრობლემა,”- ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.




























