"საქართველოში ტერორის სტრატეგია ნათელია" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას ეხმიანება, რომელსაც "ჯგუფური ძალადობის" მუხლით, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"მიზანში იღებენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ და პატივსაცემ ადამიანებს, ერთი გზავნილით: "ყველას მივწვდებით, იმუნიტეტი არავის აქვს", - წერს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი X-ზე დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებსაც ეხმიანება და დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგს აქვეყნებს:
"ქართული პროტესტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საწინააღმდეგოდ:
07:00 საათი - გაიღვიძე საქართველო!
08:30 საათი - უნივერსიტეტების მარში
09:00 საათი - ვაჩვენოთ ჩვენი დიპლომები ყაველაშვილს
12:00 საათი - გარემოს დამცველთა პროტესტი
13:00 საათი - დედების მარში, დიზაინერების მარში
15:00 საათი - მთამსვლელთა მარში
17:00 საათი - ფეხბურთელთა მარში
19:00 საათი - მასობრივი პროტესტი", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან X-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ შეკრებილი მოქალაქეები, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ფეხბურთს თამაშობენ.
"საქართველო არასდროს დაკარგავს იუმორის გრძნობას, ასე აღინიშნება ფეხბურთელის პრეზიდენტად დანიშვნა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა პოლიციის მიერ ნაძვის ხის დაცვაზეც დაწერა სოციალურ ქსელში.
"პოლიციამ ნაძვის ხე დაიცვა და "დააპატიმრა". ეს არის იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლო, როგორადაც "ქართული ოცნება" ცდილობს საქართველოს გადაქცევას",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.