ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ირანის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე პირველ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ერთობლივი ქმედებების უმთავრესი მიზანი აიათოლას რეჟიმისგან მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხის სრულად განეიტრალება და თეირანის მიერ ბირთვული შეიარაღების მოპოვების აღკვეთაა.
ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ირანთან 47-წლიანი მტრული დაპირისპირების დასრულება დააანონსა. ისრაელის მთავრობის მეთაურმა საკუთარ მოქალაქეებს შეიარაღებული ძალების ინსტრუქციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა და მომდევნო დღეებში მაქსიმალური გამძლეობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშუალოდ ირანელ ხალხს მიმართა და მოუწოდა, შექმნილი ვითარებით ისარგებლონ და აიათოლების რეჟიმი დაამხონ. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, სამხედრო დარტყმები ხელსაყრელ პირობებს შექმნის თავისუფალი და მშვიდობიანი ირანის ფორმირებისთვის.
„ჩემო ძმებო და დებო, ისრაელის მოქალაქენო, ცოტა ხნის წინ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს ოპერაცია ირანის ტერორისტული რეჟიმისგან მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხის აღმოსაფხვრელად.
მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი ისტორიული ლიდერობისთვის.
47 წლის განმავლობაში, აიათოლას რეჟიმი სკანდირებდა: „სიკვდილი ისრაელს“, „სიკვდილი ამერიკას“. მან დაღვარა ჩვენი სისხლი, მოკლა მრავალი ამერიკელი და ამოხოცა საკუთარი ხალხი.
ეს მკვლელი ტერორისტული რეჟიმი არ უნდა შეიარაღდეს ბირთვული იარაღით, რაც მას საშუალებას მისცემს, საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას.
ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს, რათა მამაცმა ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს.
დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ნაწილმა - სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზებმა - გადააგდონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობიანი ირანი.
მოვუწოდებ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებს, დაემორჩილოთ ჩვენი სარდლობის ინსტრუქციებს. უახლოეს დღეებში, ყველას მოგვეთხოვება გამძლეობა და სიმტკიცე.
ჩვენ ერთად ვიდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად უზრუნველყოფთ ისრაელის მარადიულობას",- განაცხადა მან.
"გავანადგურებთ ირანის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეს" - დონალდ ტრამპის მიმართვა




























