აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვრცელი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის სასტიკი რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეს გაანადგურებენ. მის მიმართვას სრულად გთავაზობთ:
"ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები დაიწყეს.
ჩვენი მიზანია დავიცვათ ამერიკელი ხალხი ირანის რეჟიმისგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხეების აღმოფხვრის გზით — ეს არის ძალიან სასტიკი და საშინელი ადამიანების ბოროტი ჯგუფი.
მისი მუქარის შემცველი ქმედებები პირდაპირ უქმნის საფრთხეს შეერთებულ შტატებს, ჩვენს ჯარებს, საზღვარგარეთულ ბაზებსა და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში. 47 წლის განმავლობაში, ირანის რეჟიმი სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“ და აწარმოებდა სისხლისღვრისა და მასობრივი მკვლელობების დაუსრულებელ კამპანიას, რომლის სამიზნესაც შეერთებული შტატები, ჩვენი ჯარები და უდანაშაულო ადამიანები წარმოადგენდნენ ბევრ, ძალიან ბევრ ქვეყანაში.
რეჟიმის ერთ-ერთი პირველი ქმედება თეირანში აშშ-ის საელჩოს ძალადობრივი აღების მხარდაჭერა იყო, რა დროსაც ათობით ამერიკელი 444 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. 1983 წელს, ირანის მარიონეტებმა ბეირუთში საზღვაო ქვეითთა ყაზარმები ააფეთქეს, რამაც 241 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა.
2000 წელს მათ იცოდნენ და, სავარაუდოდ, ჩართულნიც იყვნენ სამხედრო გემ USS Cole-ზე განხორციელებულ თავდასხმაში. ბევრი დაიღუპა.
ირანულმა ძალებმა ერაყში ასობით ამერიკელი სამხედრო მოკლეს და დაასახიჩრეს. ბოლო წლების განმავლობაში, რეჟიმის მარიონეტები განაგრძობდნენ უთვალავი თავდასხმის განხორციელებას ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებზე, ასევე აშშ-ის საზღვაო და კომერციულ გემებზე საერთაშორისო სანაოსნო გზებზე. ეს მასობრივი ტერორია და ჩვენ ამას მეტად აღარ მოვითმენთ. ლიბანიდან იემენამდე და სირიიდან ერაყამდე, რეჟიმი აიარაღებდა, წვრთნიდა და აფინანსებდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებმაც დედამიწა სისხლით მორწყეს.
და სწორედ ირანის მარიონეტმა „ჰამასმა“ წამოიწყო 7 ოქტომბრის უსასტიკესი თავდასხმები ისრაელზე, ამოხოცა 1000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის 46 ამერიკელი, და მძევლად აიყვანა ჩვენი 12 მოქალაქე. ეს იყო სასტიკი, ისეთი რამ, რაც მსოფლიოს მანამდე არასდროს ენახა. ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველი სახელმწიფო სპონსორია და სულ ცოტა ხნის წინ ქუჩაში საკუთარი ათიათასობით მოქალაქე დახოცა, როდესაც ისინი საპროტესტო აქციებს მართავდნენ. შეერთებული შტატების, და კონკრეტულად ჩემი ადმინისტრაციის, პოლიტიკა ყოველთვის იყო ის, რომ ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი.
სწორედ ამიტომ, გასული წლის ივნისში, ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ ფარგლებში, ჩვენ გავანადგურეთ რეჟიმის ბირთვული პროგრამა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
ამ თავდასხმის შემდეგ ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი, არასოდეს განეახლებინათ ბირთვული იარაღის ბოროტი ძიება და არაერთხელ ვცადეთ შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვცადეთ, მათ ამის გაკეთება უნდოდათ, მერე აღარ უნდოდათ. საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა, უბრალოდ ბოროტების კეთება სურდათ. მაგრამ საბოლოოდ ირანმა უარი თქვა, ისევე როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. მათ უარყვეს ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმის ყველა შესაძლებლობა და ჩვენ ამას მეტს ვეღარ ავიტანთ.
ამის ნაცვლად, მათ სცადეს თავიანთი ბირთვული პროგრამის აღდგენა და შორი მოქმედების რაკეტების შემუშავების გაგრძელება, რომლებსაც ახლა შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს ევროპაში, ჩვენს საზღვარგარეთ განლაგებულ ჯარებს და მალე შეიძლება ამერიკის მიწამდეც მოაღწიონ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ გათამამდებოდა ეს რეჟიმი, ოდესმე რომ ჰქონოდათ და რეალურად ყოფილიყვნენ შეიარაღებული ბირთვული იარაღით, როგორც საკუთარი მესიჯის გადაცემის საშუალებით.
ამ მიზეზების გამო, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ახორციელებენ მასშტაბურ და მიმდინარე ოპერაციას, რათა თავიდან აიცილონ ამ ძალიან ბოროტი, რადიკალური დიქტატურის მხრიდან ამერიკისა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ჩვენ გავანადგურებთ მათ რაკეტებს და მიწასთან გავასწორებთ მათ სარაკეტო ინდუსტრიას. ის მთლიანად აღიგვება პირისაგან მიწისა. ჩვენ გავანადგურებთ მათ საზღვაო ფლოტს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რეგიონის ტერორისტულმა მარიონეტებმა ვეღარ შეძლონ რეგიონის ან მსოფლიოს დესტაბილიზაცია და ჩვენს ძალებზე თავდასხმა, და ვეღარ გამოიყენონ თავიანთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები თუ ბომბები, როგორც მათ ზოგჯერ უწოდებენ, ათასობით ადამიანის, მათ შორის ბევრი ამერიკელის, ასე მძიმედ დასაჭრელად და მოსაკლავად. და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივი მესიჯია, მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი.
ეს რეჟიმი მალე ისწავლის, რომ არავინ არ უნდა დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სიძლიერესა და ძლიერებას. ჩემი პირველი ადმინისტრაციის დროს მე ავაშენე და აღვადგინე ჩვენი არმია, და დედამიწაზე არ არსებობს სამხედრო ძალა, რომელიც მის ძალასთან, სიმძლავრესთან ან ტექნოლოგიურ სრულყოფილებასთან ახლოსაც კი მოვიდოდა.
ჩემმა ადმინისტრაციამ გადადგა ყველა შესაძლო ნაბიჯი რეგიონში აშშ-ის პერსონალისთვის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად. მიუხედავად ამისა, და ამას მსუბუქად არ ვამბობ, ირანის რეჟიმს კვლა სურს. მამაცი ამერიკელი გმირების სიცოცხლე შეიძლება დაიკარგოს და შესაძლოა მსხვერპლი გვქონდეს. ომში ეს ხშირად ხდება. მაგრამ ჩვენ ამას ახლანდელი დროისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ამას მომავლისთვის ვაკეთებთ და ეს კეთილშობილური მისიაა. ჩვენ ვლოცულობთ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის, როდესაც ისინი თავდადებით რისკავენ სიცოცხლეს, რათა უზრუნველყონ, რომ ამერიკელებსა და ჩვენს შვილებს არასოდეს დაემუქროთ ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ყველა გმირი განსაცდელში და ჩვენ გვჯერა, რომ მისი დახმარებით შეიარაღებული ძალების კაცები და ქალები გაიმარჯვებენ. ჩვენ გვყავს საუკეთესოები მსოფლიოში და ისინი გაიმარჯვებენ.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, შეიარაღებული ძალების და ყველა პოლიციელის მისამართით, ახლა ვამბობ, რომ თქვენ უნდა დაყაროთ იარაღი, რათა მიიღოთ სრული იმუნიტეტი, ან, ალტერნატივის სახით, შეხვდეთ გარდაუვალ სიკვდილს. ასე რომ, დაყარეთ იარაღი - მოგექცევიან სამართლიანად და სრული იმუნიტეტით, ან შეხვდებით გარდაუვალ სიკვდილს.
და ბოლოს, ირანის დიად, ამაყ ხალხს ვეუბნები, რომ თქვენი თავისუფლების საათი მოახლოებულია. დარჩით თავშესაფრებში. არ გახვიდეთ სახლიდან. გარეთ ძალიან სახიფათოა, ბომბები ყველგან ჩამოცვივდება. როდესაც ჩვენ დავასრულებთ, ძალაუფლება თქვენ უნდა აიღოთ ხელში. ის უკვე თქვენი იქნება. ეს, ალბათ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება თაობების განმავლობაში. მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ითხოვდით ამერიკის დახმარებას, მაგრამ არასოდეს მიგიღიათ იგი. არც ერთი პრეზიდენტი არ იყო მზად გაეკეთებინა ის, რის გასაკეთებლადაც მე ვარ მზად ახლა. ახლა თქვენ გყავთ პრეზიდენტი, რომელიც გაძლევთ იმას, რაც გინდათ. დავაკვირდები, როგორ უპასუხებთ ამას. ამერიკა მხარს გიჭერთ უზარმაზარი სიძლიერითა და დამანგრეველი ძალით. ახლა დროა, თქვენი ბედი საკუთარ ხელში აიღოთ, გაათავისუფლოთ ირანი და შექმნათ წარმატებული და დიდებული მომავალი, რომელიც ასე ახლოსაა თქვენთან. ეს მოქმედების დროა, ხელიდან არ გაუშვათ იგი.
ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეიარაღებული ძალების მამაცი კაცები და ქალები. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. ღმერთმა დალოცოს ყველა თქვენგანი",- განაცხადა ტრამპმა.




























