მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla 2000-ზე მეტ Cybertruck-ს უკან გაიწვევს, Lamborghini-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

lambo

კვირის მთავარ ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

უნგრეთში ჩინური BYD-ისა და გერმანული BMW-ის საავტომობილო ქარხნები წარმოებას 2025 წელს დაიწყებენ

უნგრეთში მდებარე ჩინური BYD-ისა და გერმანული BMW-ის ახალი საავტომობილო ქარხნები წარმოებას სავარაუდოდ 2025 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ქარხნების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ორბანის მმართველობის პერიოდში, უნგრეთი, ჩინეთისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად იქცა. განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისა, რომლებიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. უნგრეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია გერმანია - ქვეყნის რამდენიმე ქარხანა უნგრეთში უკვე ოპერირებს.

გარდა ამისა, ორბანი, ცენტრალურ ევროპაში ჩინური ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოების გაზრდის მომხრეცაა, იმის პარალელურად, რომ ევროკავშირი ჩინეთზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს.

უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, BYD-ისა და BMW-ის მშენებარე ქარხნებში, მომავალი წლიდან, წარმოების დაწყება პოზიტიურ ეკონომიკურ მოლოდინებს აჩენს ქვეყნისთვის. ამასთან ერთად, უნგრეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ჩინური კომპანია CATL- ია, რომელიც ბატარეების წარმოებისთვის $7.3 მილიარდის ღირებულების ქარხანას აშენებს.

Nissan Motor - ი სამუშაო ძალას 9 000-ით შეამცირებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor-ი სამუშაო ძალას 9 000-ით შეამცირებს, გლობალურ წარმოებას კი - 20%-ით - ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა და განმარტა, რომ, ჩინეთსა და აშშ-ში გაყიდვების ჩავარდნის შემდეგ, ავტომწარმოებელი მიმდინარე ფისკალურ წელს $2.6 მილიარდის დაზოგვას შეეცდება. Nissan-მა წელს, უკვე მეორედ, წლიური მოგების პროგნოზი 70%-ით, 150 მილიარდ იენამდე ($975 მლნ) შეამცირა. როგორც სხვა ავტომწარმოებლები, Nissan-ი დიდ რყევებს ჩინეთის ბაზარზე განიცდის, სადაც BYD-მა და სხვა ადგილობრივმა ავტომწარმოებლებმა, იაფი ელექტრომობილებითა და ჰიბრიდებით, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაიკავეს.

თუმცა იაპონური კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარია, სადაც Nissan-ის ჰიბრიდული ავტომობილები არ იყიდება, განსხვავებით კონკურენტი Toyota-სგან, რომელიც საწვავზე მომუშავე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს. Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაკოტო უჩიდა მედიასთან აცხადებს, რომ კომპანიამ აშშ-ში ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა სათანადოდ ვერ შეაფასა.

ხარჯების დაზოგვის მიზნით, გლობალურ სამუშაო ძალას Nissan-ი 6.7%-ით შეამცირებს. ამჟამად კომპანია 133 580 ადამიანს ასაქმებს. ამასთან, კომპანიის CEO-მ განაცხადა, რომ ყოველთვიური ხელფასის 50%-ს საკუთარი ნებით თმობს, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის სხვა წევრები. ამასთან, Nissan-ი თავისი აქციების 10%-ის გაყიდვას, $445 მილიონის მოზიდვის მიზნით გეგმავს.

წელს უკვე მეექვსედ, Tesla 2000-ზე მეტ Cybertruck-ს უკან გაიწვევს

ავტომწარმოებელი Tesla, გაუმართავი ნაწილის გამო, აშშ-ში გაყიდულ 2 400 Cybertruck-ს უკან იწვევს. კომპანიის ინფორმაციით, საქმე ეხება ნაწილს, რომელსაც პიკაპში ენერგიის დაკარგვის გამოწვევა შეუძლია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს ზრდის. წელს ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც Tesla გაყიდულ Cybertruck-ებს უკან იხმობს.

Tesla-ს ინფორმაციით, ხარვეზი 2024 წლის 30 ივლისის ჩათვლით წარმოებული ავტომობილების ინვერტორშია აღმოჩენილი, რომლებსაც კომპანია დაბრუნებულ პიკაპებში ფუნქციური მექანიზმით ჩაანაცვლებს. მათივე თქმით, ჩანაცვლების პროცესი 9 დეკემბრიდან დაიწყება, ახალ კომპონენტებზე მუშაობა კი Tesla-მ 30 ივლისიდანვე დაიწყო.

Reuters-ის ცნობით, ტექნიკური წუნს ავტოსაგზაო შემთხვევა ან მძღოლის დაზიანება ამ დრომდე არ გამოუწვევია, თუმცა, Tesla აცხადებს, რომ პრობლემის გამო საგარანტიო შეთავაზებით სარგებლობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

გასულ თვეს ავტომწარმოებელმა 27 ათასი ერთეული პიკაპი გაიწვია, რისი მიზეზიც უკანა ხედვის კამერის გამოსახულების დაგვიანებითი ჩვენება იყო, რაც ასევე ზრდის ავარიის რისკებს. მანამდე Tesla-მ ასობით ავტომობილი ივნისში, საქარე მინის საწმენდებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, აპრილში კი აქსელატორის ხარვეზის გამო გაიწვია.


2024 წლის ცხრა თვეში, Lamborghini-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა

ლეგენდარულმა ავტომწარმოებელმა, იტალიურმა Lamborghini-მ 2024 წლის ცხრა თვის, ანუ სამი კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ წელს 8,411 ავტომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 8.6%-ით აღემატება. შედეგად, 20.1%-ით იმატა Lamborghini-ის შემოსავალმა, რამაც რეკორდული €2.43 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიამ €678 მილიონის საოპერაციო მოგება დააფიქსირა, რაც შარშანდელ შედეგს 9.8%-ით აღემატება და ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

გასულ თვრამეტ თვეში, Lamborghini-მ სამი ახალი მოდელი წარმოადგინა და სამივე მოდელი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. წარმატებულ მოდელებს შორის პირველ რიგში 1,000 ცხენის ძალის მქონე იტალიური V12-ით აღჭურვილი Lamborghini Revuelto უნდა ვახსენოთ, რომლის მარაგები 2026 წლის ჩათვლით არის ამოწურული — არადა ამ ავტომობილის საწყისი ფასი $608,000-ია. 2025 წლის ბოლომდე რიგში დგომა მოუწევს იმ ადამიანს, რომელიც Lamborghini-ის პირველი SUV-ის, Urus-ის ყიდვას გადაწყეტს და ამ სიამოვნებისთვის სულ მცირე $242,000 არ დაენანება. იტალიური ავტომწარმოებლის უახლესი მოდელთან, Lamborghini Temerario-სთან მიმართებით კონკრეტული რიცხვები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელმა ის დადებითად მიიღო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2025 წლიდან იტალიური Lamborghini-ის ავტომობილების შეძენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანაში იტალიური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგი” გახდა, რომელიც ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

საქართველოში Mercedes-Benz-ის შემოსავლები 212 მილიონ ლარამდე გაიზარდა


საქართველოში გერმანული გიგანტის, Daimler-ის, იგივე "მერსედესის" გენერალური დისტრიბუტორია კომპანია “აკა”. კომპანიამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 60%-ით გაიზარდა და მან 212.6 მილიონ ლარს მიაღწია. გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2022 წელს შპს "აკას" მოგება 18.8 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 33.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 78%-იანი ზრდაა. “მერსედესის” ცენტრის ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:
• ახალი ავტომობილების რეალიზაცია - 192.6 მილიონი ლარი;
• ავტომობილების ნაწილების რეალიზაცია - 12.3 მილიონი ლარი;
• მეორადი ავტომობილების რეალიზაცია - 1 მილიონი ლარი;
• შემოსავალი მომსახურებიდან - 4.1 მილიონი ლარი;
• მთლიანი შემოსავალი - 212 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 166 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 10.4 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯებიც.

კომპანიის აქტივები 93.5 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიას სამი აქციონერი ჰყავს, ესენია - სალომე ასათიანი - 27%; მაკა ასათიანი - 27%; ლუიზა თავართქილაძე - 46%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები