2026 წლის მეორე კვარტალში Tesla ელექტრომობილების საკულტო მოდელების, Model S-ისა და Model X-ის წარმოებას შეწყვეტს.
როგორც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა კომპანიის კვარტალური შედეგების გამოცხადებისას განაცხადა, ავტომობილების წარმოების შეჩერების მთავარი მიზეზი ფრიმონტის ქარხანაში ადგილის გამოთავისუფლებაა, რათა კომპანიამ ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის მასშტაბური წარმოება დაიწყოს.
ეს გადაწყვეტილება ყველაზე მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს მასკი, Tesla ტრადიციული ავტომწარმოებლიდან ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ლიდერ კომპანიად გარდაქმნას.
Model S ამერიკული კომპანიის ძვირად ღირებული სედანია, რომელიც ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა, ხოლო Model X — 2015 წელს წარდგენილი SUV-ის ტიპის ელექტრომობილია, რომელიც განსაკუთრებით პოლულარულია ელექტრომობილების მოყვარულ ამერიკულ და ევროპულ ოჯახებში. ორივე მოდელის გაყიდვები ბოლო პერიოდში სტაბილურად მცირდებოდა, რაც დიდწილად კონკურენციითაა განპირობებული. Tesla-ს მომხმარებლებმა არჩევანი უფრო ხელმისაწვდომ და ტექნოლოგიურად დახვეწილ Model 3-სა და Model Y-ზე შეაჩერეს, ხოლო პრემიუმ სეგმენტში არჩევანი უფრო და უფრო ხშირად კეთდებოდა Porsche-ს და Mercedes-Benz-ის მოდელებზე.
ამერიკული კომპანიის მიერ აქცენტის გადატანა რობოტებზე გასაგებია, რადგან წლებია, რაც ილონ მასკი ამ მიმართულებას ავითარებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ Optimus-ის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ Model S-ის და Model X-ის ხარჯზე შეიძლებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა. Optimus-ის შესახებ მოლოდინები ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ დავოსში გაამძაფრა. მილიარდერის თქმით, Optimus-ი Tesla-ს ღირებულებას წარმოუდგენელ ნიშნულამდე გაზრდის, ანუ ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდება. მასკი ვარაუდობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დედამიწაზე ჰუმანოიდი რობოტების რაოდენობა ადამიანების რაოდენობას გადააჭარბებს. მისი გათვლებით, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა დაახლოებით 20 მილიარდ რობოტამდე გაიზრდება.
მასკის გეგმით, Tesla-მ ამ უზარმაზარი ბაზრის 10%-იანი წილი უნდა აიღოს, ანუ კომპანია წელიწადში დაახლოებით მილიარდი რობოტის წარმოებას ისახავს მიზნად, როდესაც ინდუსტრია პიკს მიაღწევს. ამ გათვლებით, მასობრივი წარმოების პირობებში ჰუმანოიდი რობოტის ფასი 20,000 დოლარის ფარგლებში იქნება, ხოლო ეს ტექნოლოგია გლობალურ ეკონომიკას გარდაქმნის, ანუ რობოტები შეავსებენ არამხოლოდ სამუშაო ძალის დეფიციტს, არამედ რადიკალურად გაზრდიან გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტს, რადგან ეკონომიკური პროდუქტიულობა ადამიანების რაოდენობით აღარ შეიზღუდება.



























