უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა კომპანია Tesla-მ დღეს განახლებული Model 3-ის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ახალ მოდელს უფრო ხანგრძლივი დისტანციის გავლა შეეძლება და გაყიდვაში ჩინეთსა და სხვა საექსპორტო ბაზრებში, მათ შორის ევროპაშიც, ჩაეშვება. ამ გადაწყვეტილებით Tesla საკუთარ კონკურენტუნარიანობას ზრდის. სტანდარტული ვერსიის ავტომობილით, საშუალოდ, 606 კმ-ის გავლა იყო შესაძლებელი, რაც ახალ მოდელში 9%-ით გაიზრდება.
ახალი მოდელის დებიუტი პეკინში შაბათს შედგება, სადაც კომპანია ახალ ფუნქციებს წარადგენს, რომელთა შორისაცაა გაუმჯობესებული აკუსტიკა, უფრო კომფორტული ინტერიერი და უკანა სავარძლის მგზავრებისათვის ეკრანი.
ჩინეთში, რომელსაც მსოფლიოში უმსხვილესი, Tesla-სთვის კი აშშ-ის შემდეგ რიგით მეორე, ავტობაზარი აქვს, განახლებული Model 3-ის ფასი წინა ვერსიასთან შედარებით 12%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, კომპანიამ ჩინეთსა და აშშ-ში Model X-სა და Model S-ზე ფასები 14-21%-ით შეამცირა.
Model 3-ის განახლება პირველი დიდი სიახლეა კომპანიისგან მას შემდეგ, რაც 2020 წელს მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, Model Y გამოვიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა Tesla-მ ავტომობილი მშობლიურ შეერთებულ შტატებზე ადრე გაყიდვაში ჩინეთში ჩაუშვა.
კომპანიას ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია, როდის იქნება განახლებული Model 3 ამერიკის ბაზრისათვის ხელმისაწვდომი, თუმცა არსებულ მოდელებზე Tesla ამერიკელ მომხმარებლებს $5 000-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.