მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ თავის ელექტრომობილებზე, კომპაქტურ სედან Model 3-სა და SUV Model Y-ზე აშშ-ის ბაზარზე ფასები მას შემდეგ შეამცირა, რაც კომპანიის გაყიდვების მოლოდინები არ გამართლდა.
Tesla-ს მიერ ფასების შემცირება კომპანიის 2023 წლის გეგმის შესრულებას ეხება, რომლის თანახმადაც ავტომწარმოებელმა წლის ბოლო სამ თვეში 476 ათასი ავტომობილი უნდა გაყიდოს იმისთვის, რომ წლიურ მიზანს, 1.8 მილიონ გაყიდულ ერთეულს მიაღწიოს.
Tesla-მ ავტომობილებზე ფასების 2.7%-დან 4.2%-მდე შემცირება ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, რათა აშშ-ის არაპროგნოზირებადი ეკონომიკის ფარგლებში სხვა მსხვილი ავტომწარმოებლებისთვის, მაგალითად Ford-ისა და BYD-ისთვის კონკურენცია კვლავ გაეწიათ.
ამჟამად სტანდარტული Model 3 $1250-ით უფრო იაფია და $38990 ღირს, Model Y-ის ფასი კი $2000-ით, $48490-მდე ჩამოვიდა. საერთო ჯამში, Model 3-ის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე 17%-ით, Model Y-ის ფასები კი - 26%-ით დაეცა.