მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla-მ რობოტაქსების გამოცდა დაიწყო

tesla
BM. GE
26.06.25 00:40
302

პოლიტიკური თავგადასავლის დასრულების შემდეგ, Tesla-ს CEO ილონ მასკი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. შედეგმა არ დააყოვნა - ტექსასის ქალაქ ოსტინში, კვირას გამართულმა უპილოტო რობოტაქსების ტესტირებამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. გამოცდა კომპანიისთვის ფინანსურადაც მოგებიანი აღმოჩნდა. ორშაბათ დილით გახსნილ საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ფასმა 8,2%-ით მოიმატა.

მიმდინარე მცირემასშტაბიანი გამოცდის ფარგლებში, ოსტინის ქუჩებში Tesla-მ 20-მდე რობოტაქსი გამოიყვანა, თუმცა მათი მოძრაობის რადიუსი მკაცრად განსაზღვრულია და მგზავრებიც წინასწარ არიან შერჩეულნი. შესაძლო გართულებებისა თუ საფრთხეებისაგან თავის ასარიდებლად ტაქსი ტელეოპერატორით აღიჭურვა. მგზავრს გვერდით ტესლას წარმომადგენელიც უზის, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ღილაკის ერთი დაჭერით გააჩეროს მანქანა. რობოტაქსით ერთი გასეირნება $4,20 დოლარი ჯდება, თუმცა უცნობია, შეიცვლება თუ არა ტარიფი სამომავლოდ.

რობოტაქსი Wedbush-ის ანალიტიკოსმა დენ აივსმაც გამოცადა. როგორც მან აღნიშნა, მგზავრობა ძალიან კომფორტული და უსაფრთხო იყო, მათ შორის რთულ საგზაო ვითარებაშიც. აივსმა ტრანსპორტში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკმაოდ მარტივია რობოტაქსისთან საკუთარი ანგარიშის დაკავშირება და მგზავრობისას პერსონალიზებული გართობის სივრცის შექმნა.

რობოტაქსების გამოცდას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. შტატების საგზაო უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება რამდენიმე შემთხვევაზე, როცა ტესლას საპილოტე ტაქსებმა სიჩქარის დაწესებულ ზღვარს გადააჭარბეს, ასევე საგზაო ხაზები წესების დარღვევით გადაკვეთეს. როგორც სააგენტომ აღნიშნა, გამოძიების შესახებ უკვე ინფორმირებულია კომპანიაც. საგზაო უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ Tesla-ს გამოწვევა არ არის. მსგავსი სერვისის გამოცდა აქამდე Cruise-მა და Uber-მაც სცადეს, თუმცა აღმოჩენილი დარღვევების მასშტაბმა კომპანიებს აიძულა, დაეხურათ პროგრამები. აღნიშნულ საქმეებზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.

თავად კომპანიის დამფუძნებელს სურს, რომ Tesla-ს უახლესი გამოგონებით ტაქსის კულტურა ჯერ შტატებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში შეცვალოს. თუმცა მისი პირობა 2026 წელს მილიონობით რობოტაქსი გამოეშვა, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება. საქმე ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტით მართულ ამ უნიკალურ გამოგონებას სერიოზული ტექნიკური ბაზა კერძოდ, პროფილაქტიკისა და მონიტორინგის ინფრასტრუქტურა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები