მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ფისკალური 2026 წლის მეორე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიამ ბოლო 3 თვეში $28.24 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია და Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზს - $25.71 მილიარდს აჭარბებს.
ამის მიუხედავად, 5%-იანი შემცირება დაფიქსირდა წმინდა მოგების კუთხით, რამაც საფონდო ბირჟაზე Tesla-ს მიმართ უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ $1.17 მილიარდი შეადგინა, ამჯერად მაჩვენებელი $1.11 მილიარდამდე დაეცა. ამასთან, თითო აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $0.33 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $0.51-ს მკვეთრად ჩამორჩება.
რაც შეეხება დეტალურ ფინანსურ შედეგებს, კომპანიის ძირითადი, საავტომობილო სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა და $20.52 მილიარდი შეადგინა. ხოლო ენერგეტიკის მიმართულებით შემოსავალმა 13%-იანი ზრდა დააფიქსირა და $3.14 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება Tesla-ს სერვისებსა და სხვა მიმართულებებს, ამ სეგმენტებში მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა და $4.58 მილიარდი გახდა.
ინვესტორების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ კომპანიამ ხელოვნურ ინტელექტსა და კვლევა-განვითარების პროექტებში ინვესტიციები გაზარდა, ამ მხრივ კომპანიის კაპიტალური დანახარჯები ბოლო 3 თვეში 47%-ით გაიზარდა და $4.35 მილიარდს მიაღწია. შედეგად, Tesla-ს თავისუფალი ფულადი ნაკადი უარყოფით ნიშნულში გადავიდა და $1.1-მილიარდიანი დეფიციტი შეადგინა.
რაც შეეხება ბაზრის რეაქციას, ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ პრემარკეტზე Tesla-ს აქციების ფასი 4%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $359-ად იყიდება. საყურადღებოა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის საბაზრო ღირებულება 17%-ით არის შემცირებული.




























