მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია

musk

ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ ილონ მასკის კომპანიები ამიერიდან განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ, რადგან თავად მასკი ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პარასკევს Tesla-ს აქციებზე ფასები 8.2%-ით, $321.22-მდე გაიზარდა, რითაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ, 2 წლის შემდეგ პირველად, $1 ტრილიონს მიაღწია. მხოლოდ ამ კვირაში, Tesla-ს კაპიტალიზაციას $230 მილიარდი მიემატა.

"Tesla და მისი CEO ილონ მასკი, ალბათ, ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებულები არიან. გვჯერა, რომ ტრამპის გამარჯვება კომპანიის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებზე მარეგულირებლისგან დადასტურებას დააჩქარებს", - ამბობს ანალიტიკოსი გარეტ ნელსონი.

Reuters-ს წყარომ ასევე განუცხადა, რომ მილიარდერს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მისთვის სასურველი რეგულაციების მხარდაჭერა და აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ პოტენციური შეზღუდვების პრევენციაც შეუძლია.

ამჟამად ილონ მასკის კომპანია აქტიურად მუშაობს თვითმართვადი ავტომობილების დახვეწაზე, თუმცა ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მარეგულირებელი ორგანო აფერხებს.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ილონ მასკი ერთ დღეში $26 მილიარდით გამდიდრდა, Forbes-ის თანახმად, ბიზნესმენის ქონება ამჟამად $300 მილიარდს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები