ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla გერმანიაში შედარებით ბიუჯეტური, 25 000-ევროიანი ავტომობილის წარმოებას გეგმავს - ამის შესახებ Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიისთვის ასევე უცნობია, რა ვადებში აპირებს ავტომწარმოებელი ახალი მოდელის გამოშვებას.
ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ელექტრომობილებზე მაღალი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთი ის ფაქტორებია, რის გამოც ამ ქვეყნებში ელექტრომობილების ფართომასშტაბიანი ათვისება ვერ ხერხდება. კვლევითი ორგანიზაცია JATO Dynamics-ის თანახმად, 2023 წელს ელექტრომობილის საშუალო ფასი ევროპაში 65 000 ევროს უტოლდება, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად ჩინეთში, სადაც ელექტრომობილს 31 000 ევროდ შეიძენთ.
მასკმა შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ 2022-ში აცხადებდა, რომ ტექნიკურად ამ მოდელის დახვეწა ჯერ არ შეეძლო, რის გამოც გეგმა დროებით თაროზე შემოიდო.
წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ Tesla მუშაობს ინოვაციაზე, რომელიც ელექტრომობილის კორპუსის ქვედა ნაწილი ერთი მთლიანი მექანიზმი იქნება, რაც წარმოებასაც დააჩქარებს და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ილონ მასკის ბერლინის მახლობლად მდებარე ქარხანას გასულ კვირას თავად ეწვია და ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელ X-ით იტყობინებოდა. ანონიმური წყაროს თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე გაასაჯაროვა მასკმა თავისი გეგმა, 25 000 ევროს ღირებულების ელექტრომობილის წარმოების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს გერმანული ფილიალი ამ დროისთვის მხოლოდ Model Y-ს აწარმოებს, რომელიც ევროპის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია. ავტომწარმოებელი გეგმავს, რომ გერმანიაში წარმადობა ყოველწლიურად 1 მილიონ ერთეულამდე გაზარდოს.