მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TeslaVideoMedia-ში ჩადებული ჯამური თანხა $45 მილიონი იყო - Ambry Solutions

62cbf06b57be8
გიორგი არონია
12.07.22 10:36
6273

"საქართველოში ვირუსულად გავრცელებულ პირამიდულ სქემაში - TeslaVideoMedia-ში ჯამურად ჩადებული თანხა $45 მილიონს შეადგენს", - ამის შესახებ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ქართული AML-პლატფორმის, Ambry Solutions-ის მიერ მომზადებული უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც კომპანიამ ექსკლუზიურად BMG-ის მიაწოდა. პირამიდულ სქემაში ჩადებული თანხების გარდა, კომპანიამ TeslaVideoMedia-ის ტექნიკური აგებულება და სქემაში ჩართული ადამიანების დემოგრაფიაც შეისწავლა.

Ambry ბლოკჩეინზე დაფუძნებული AML-პლატფორმაა, რომლის მეშვებით ფინანსურ სექტორში ჩართულ კომპანიებს კრიპტოაქტივების ყიდვა-გაყიდვაში ჩართული კლიენტების თანხების წარმომავლობის დადგენა შეუძლიათ.

Ambry Solutions-ის საფუძვლიანი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პირამიდული სქემის მომხმარებლების მიერ ჩადებული თანხა კომპანიის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე საოპერაციო ანგარიშზე, კრიპტოვალუტა ტეთერში (USDT) ნაწილდება. შეგროვებული თანხის ძირითად ნაწილს TeslaVideoMedia-ის მესვეურები რამდენიმე კრიპტოსაფულეში ატარებენ - ერთ-ერთ მათგანში, ამჟამად, დაახლოებით $10 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა ინახება. აღსანიშნავია, რომ პირამიდული სქემის ჩამოშლის მიუხედავად, აღნიშნულ მისამართზე თანხების ჩარიცხვა კვლავაც მიმდინარეობს.

Ambry-ის დათვლებით, ჯამური ბრუნვის ნაწილი, დაახლოებით, 20-25%, პირამიდული სქემის მესვეურებმა პროექტის მონაწილეებს გადაუხადეს, რაც, ძირითადად, სქემისთვის დამაჯერებლობის მოსამატებლად გაკეთდა.

ამასთანავე, შედარებით მცირე მოცულობის თანხები, რომლებიც ძირითადად $10-50 ათასის შუალედში მერყეობს, პერიოდულად იგზავნება იმგვარ კრიპტოანგარიშებზე, რომელთაც დიდი ბრუნვა უფიქსირდებათ მსოფლიოს წამყვან ბირჟებთან - Binance-თან, Okex-თან და Huobi-სთან. Ambry Solutions-ში ვარაუდობენ, რომ ამ ანგარიშების დიდ ნაწილს, პირამიდული სქემის შემქმნელები კვალის გასაფანტად იყენებენ.

Ambry-ის თანადამფუძნებელი ლუკა ლომსაძე „ბიემჯისთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ როგორც კვლევისას გაირკვა, TeslaVideoMedia-ის მესვეურებს თანხების გაფანტვის მექანიზმი სიღრმისეულად ჰქონდათ შესწავლილი. 



ფოტო: Ambry


„TeslaVideoMedia მორიგი ფინანსური პირამიდაა, რომელმაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი აზარალა. მათი მიზნების მისაღწევად, პროექტის მესვეურები კრიპტოტრანზაქციებს იყენებდნენ, რითაც საზოგადოების თვალში კრიპტოსამყაროს რეპუტაცია საგრძნობლად შეარყიეს.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში „მარტივი ფულის“ შოვნის თემა დღესაც აქტუალურია. ადამიანები ამგვარი სერვისის მომწოდებელი პლატფორმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდობიან, მიუხედავად იმისა, რომ თანხის დაკარგვის საშიშროების შესახებაც იციან“, - განაცხადა Ambry-ის თანადამფუძნებელმა ლუკა ლომსაძემ „ბიემჯისთან“ საუბრისას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Ambry-მ სულ მცირე ოთხი ისეთი ტრანზაქცია აღმოაჩინა, რომლებიც მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟიდან, Binance-იდან განხორციელდა და რომელთა ჯამური მოცულობა $100 ათასს შეადგენს. Ambry Solutions-ში ვარაუდობენ, რომ ეს ტრანზაქციები პირამიდულ სქემაში ჩართულ მომხმარებლებს უკავშირდება, რომლებიც ამ ტრანზაქციების სანაცვლოდ პლატფორმისგან გარკვეულ მოგებას ელოდნენ.


აღსანიშნავია, რომ Ambry-მ პირამიდული სქემის დემოგრაფიული ასპექტებიც შეისწავლა - კომპანიის თქმით, ცნობილი ბირჟების გარდა, სქემაში 25 ათასი ანგარიში არის ჩართული, რომლებიც, უმეტესწილად, თანხისა და კვალის გასაფანტად გამოიყენება. Ambry Solutions-მა TeslaVideoMedia-ის პოპულარობის ქართული ფესვებიც შეისწავლა: Google Trends-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირამიდული სქემა ყველაზე პოპულარული ახალქალაქსა და მარნეულში იყო, რომელთაც ახალციხე, ხელვაჩაური, ბათუმი, გორი, მოწამეთა, რუსთავი, თბილისი და ფოთი მიჰყვება.


No description available.
ფოტო: Ambry


Ambry Solutions-ი ვარაუდობს, რომ პირამიდული სქემის დაგეგმვა 2021 წლის შუიდან 2021 წლის დეკემბრამდე შუალედში მიმდინარეობდა.

TeslaVideoMedia-სთან დაკავშირებული კრიპტოანგარიშების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პირამიდული სქემის ერთ-ერთი კრიპტოანგარიში დაკავშირებული იყო სხვა პირამიდულ სქემასთან, სახელწოდებით GRENMINE - ორთავე სქემის აქტიურობის პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები